ევროკავშირის ოფიციალური პირები დახურულ კარს მიღმა განიხილავენ იმ ქვეყნების სიას, რომელთა მოქალაქეებიც პირველი ივლისიდან ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლას შეძლებენ.
„ევრონიუსმა“ მოიპოვა ამ სიის სამუშაო ვერსია, რომელშიც საქართველოც არის შესული. საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის და მსჯელობა, თუ რომელი ქვეყნებისთვის გახსნის საერთაშორისო საზღვრებს ევროკავშირი, ხვალ გაგრძელდება.
დიპლომატიური წყაროებიდან ასევე ცნობილი ხდება, რომ სამუშაო სიაში ვერ მოხვდა შეერთებული შტატები, რუსეთი, ბრაზილია და კატარი.
სავარაუდოდ, პირველი ივლისიდან ევროკავშირში შესვლას შეძლებენ: ვატიკანის, მონაკოს, მონტენეგროს, ანდორას, სერბეთის, ბოსნია-ჰერცეგოვიის, უკრაინის , ალბანეთის, თურქეთის, კოსოვოს, სამხრეთ კორეის, საქართველოს, თურქმენეთის, ვიეტნამის, ჩინეთის, ტაილანდის, მიანმარის, მონღოლეთის, იაპონიის, ბუტანის, ლიბანის, ინდონეზიის, უზბეკეთის, ინდოეთის, ტაჯიკეთის, ყახაზეთის, პალაუს, ახალი ზელანდიის, ავსტრალიის, დომინიკის, ბაჰამის, სენტ ლუისის, ურუგვაის, იამაიკის, კუბის, გვიანის, პარაგვაის, ვენესუელის, ნიკარაგუის, კოსტა რიკის, კანადის, ანგოლის, ტუნისის, ნამიბიის, უგანდის, მოზამბიკის, მავრიტანიის, ზამბიის, რუანდის, ეთიოპიის მაროკოს, ალჟირის და ეგვიპტის მოქალაქეები.
დიპლომატიური წყაროს ცნობით, ევროკავშირში ვერ თანხმდებიან ქვეყნების შერჩევის კრიტერიუმზეც, რადგან რამდენიმე წევრი მიიჩნევს, რომ კოვიდ-19-ის მონაცემები ბევრგან სანდო არ არის. როდესაც ევროკავშირმა ორი კვირის წინ რეკომენდაციები გამოაქვეყნა, ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ სიის შედგენისას გათვალისწინებული იქნებოდა დაინფიცირების მაჩვენებლები. მაშინდელი შავი სია შეიცვალა და 47-ის ნაცვლად ახლა ჩამონათვალში 54 ქვეყანა მოხვდა. დიდი ბრიტანეთი არც ამ სიაშია და არც იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთანაც ევროკავშირი საზღვრის გახსნას არ გეგმავს.