logo
ENG



რობინ ვაგენერი: გერმანიის მთავრობა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს

18 დეკ 202417:09
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/18/4s0k6aqy2yvcylg.jpg

სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და მოლდოვის რესპუბლიკასთან საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორი რობინ ვაგენერი ამბობს, რომ გერმანიის მთავრობა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს.

მის კომენტარს საქართველოში გერმანიის საელჩო Facebook-ზე ავრცელებს. განცხადების თანახმად, ის გმობს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოეყენებას და ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების დაპატიმრებას. მისი თქმით, "პირების მიმართ, რომლებიც ამ გამწვავებაზე არიან პასუხისმგებლები, მიზანმიმართული სანქციებია საჭირო".

"საქართველოში მოქალაქეთა ლიბერალური დემოკრატიის სურვილი და უფრო და უფრო ავტოკრატიულად მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ რეპრესიები ძალადობრივად დაუპირისპირდა ერთმანეთს. ჩვენ იმ ქართველების გვერდით ვდგავართ, რომლებსაც სურთ ევროკავშირში მათი მომავლის ხილვა. ამ ვიზიტის დროს მინდა ეს პოზიცია დავაფიქსირო.

საქართველოს მოსახლეობას დაჰპირდნენ ევროპულ მომავალს. ამ დაპირებიდან ცოტა ხანში „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ შეაქცია ზურგი დემოკრატიულ ღირებულებებსა და ევროპას. კატეგორიულად მიუღებელია და ვგმობთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას და ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების დაპატიმრებას. მაგალითად მაცნობეს, თუ როგორ სცემეს ნიღბიანმა ადამიანებმა ჟურნალისტს, როდესაც იგი პირდაპირ ეთერში დემონსტრაციას აშუქებდა.

ამიტომ გერმანიის მთავრობა გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას და მან უკვე გააუქმა დახმარების პირველი პროექტები. იმ პირების მიმართ, რომლებიც ამ გამწვავებაზე არიან პასუხისმგებლები, მიზანმიმართული სანქციებია საჭირო. ამ ვითარებაში აუცილებელია მკაფიო ღონისძიებების გატარება.

შთამბეჭდავად მიყვებოდნენ, თუ როგორ გამოდიოდნენ მცირე დასახლებებშიც კი სხვადასხვა თაობის ადამიანები ქუჩაში იმიტომ, რომ ისინი კონკრეტულ საფრთხეს ხედავენ მათი მომავლისთვის. ქართულმა ოცნებამ უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობის უმრავლესობის ნება და დაუბრუნდეს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ევროპულ გზას", - თქვა მან. 

საელჩოს თანახმად, რობინ ვაგენერი 17-18 დეკემბერს თბილისს სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში მან გამართა შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებთან. მან ასევე ნახა საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე.

"ბატონი ვაგენერის ვიზიტი სამხრეთ კავკასიის ქვეყანაში მძიმე შიდაპოლიტიკური კრიზისის ფონზე შედგა. ფედერალური მთავრობა ყურადღებით აკვირდება საქართველოში არსებულ ვითარებას და მჭიდრო კოორდინაციაშია ევროკავშირის წრეებთან. ევროპის საბჭო 19 დეკემბერს განიხილავს საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და მასზე ევროკავშირის რეაქციას", - აცხადებენ საელჩოში.


close დახურვა