logo
ENG



წყალში გადაყრილი მილიონები - გადათხრილი ფოთი და ადგილობრივების პრობლემები

27 ივნ 202020:53
3 წუთის საკითხავი
 

მეშვიდე წელია, ფოთში საკანალიზაციო ქსელი ვერ გამართეს. ამდენივე წელია ნახევარი ქალაქი გადათხრილია. არის ქუჩები, სადაც ფეხით მისვლაც კი რთულია, მანქანით კი ფოთის ბევრ ქუჩაზე ვეღარ გაივლით.  

სახლში მისასვლელად ადგილობრივებს შემოვლითი გზით, რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ. წლების წინ დაწყებული სამუშაოები, ქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე საერთოდ მიტოვებულია, ადგილზე ყრია საკანალიზაციო ჭის თავსახურები, მილები და  რკინა-ბეტონის ნარჩენები.  

ქალაქის ნაწილში სამუშაოები გრძელდება, თუმცა არა - სრული დატვირთვით. პრობლემას ისიც ქმნის,  რომ ფოთის წყლისა და კანალიზაციის სამუშაოებში დასაქმებული მუშების დიდ ნაწილს ხელფასს, თვეებია, არ უხდიან. მუშები  ამბობენ, რომ გრუნტი წყლით ივსება,  რაც ხელს უშლის სამუშაოების ეფექტიანად განხორცილებას, სწორედ ამიტომ  იქმნება შთაბეჭდილება, რომ  პროექტის შედგენისას გარემო პირობები არავის შეუსწავლია.

ფოთში სამუშაოებს  ჰოლანდიური კომპანია „ტაჰალ ჯგუფი“ ასრულებს. დამკვეთი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაა, ხელშეკრულება 2017 წელს გაფორმდა და სამუშაოები მიმდინარე წლის 31 ივლისს უნდა დასრულდეს, ამას ხელშეკრულება ითვალისწინებს, თუმცა ფოთში არსებული სურათი იძლევა იმისი თქმის საფუძველს, რომ სამუშაოები კიდევ კარგა ხანს ვერ დასრულდება.  

„ფორმულამ“ მოიპოვა დოკუმენტი, რომლიდანაც ირკვევა, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ შესყიდვების საააგენტოს რამდენიმე დღის წინ მიმართა მოთხოვნით, რომ ჩატარდეს გამარტივებული წესით ოციათასდოლარიანი ტენდერი - შეირჩეს კომპანია, რომელიც  მოამზადებს ოფიციალურ დასკვნას, რომ ფოთში  კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები  ვერ სრულდება.  ამის შემდეგ ავსტრიულ კომპანიასთან  ხელშეკრულებას შეწყვეტენ, ფოთი გადათხრილი დარჩება და 145-კილომეტრიანი საკანალიზაციო სისტემის მოსაწყობად  ახალ  რამდენიმემილიონიან ტენდერს ხელმეორედ გამოაცხადებენ.


close დახურვა