მმართველი გუნდის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ საკუთარი კომპანიისგან იპოდრომის ტერიტორიის შეძენა ოპოზიციაში და საზოგადოების ნაწილში კითხვის ნიშნებს აჩენს. ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ ივანიშვილმა იპოდრომი, შესაძლოა, წინასაარჩევნოდ გამოიყენოს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ "ოცნების" ლიდერს სხვა მიზნები აქვს და აპირებს, იპოდრომიდან ლაგუნამდე ტერიტორია აითვისოს.
"წლებია ჩვენ ვიცავთ იპოდრომს და ველოდებით ყველა არჩევნების წინ, რომ ახლა ივანიშვილი იტყვის, რომ ეს ტერიტორია გადაეცემა ქალაქს. დიდი ვარაუდით, ეს იპოდრომის მაქინაცია, რომლის ფინანსურ მხარეშიც მე ვერ გავერკვევი, მაგრამ მარტივად, როგორც რიგითი მოქალაქისთვის ჩანს, ოფშორული კომპანიიდან იფორმებს ბანკ „ქართუზე“. ალბათ ეს რაღაც თავისი ფინანსური გაპრავებაა და ფულს ჭრის, რომ მერე დიდმა მეცენატმა, ეს ჩემი ვარაუდია, გადმოსცეს ქალაქს და ამით მოიგოს არჩევნებზე ხმები",- განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ.
ლეიბორისტული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი კი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილი ტერიტორიაზე მასობრივ განაშენიანებას აპირებდეს, რაც მისი შეფასებით, დედაქალაქისთვის დამღუპველი იქნება.
„ფინანსური მაქინაციის ელფერი დაჰკრავს ამ გარიგებას, რადგან საღი აზრით აუხსნელია, რატომ შეიძლება ადამიანმა ერთ კომპანიიდან მეორე საკუთარ კომპანიაზე გაყიდოს. ერთი მხრივ დიდი საკუთრება აქვს უკვე ივანიშვილს საკუთარ სახელზე და მეორე მხრივ, გვაქვს ეჭვი, რომ ის აპირებს მასობრივ განაშენიანებას, რაც იქნება დამღუპველი ქალაქისთვის, რადგან იპოდრომი ვერეს ხეობასთან ერთად წარმოადგენს ქალაქის ცენტრის მთავარ სავენტილაციო არხს და მისი გავლით მოძრაობს სუფთა ჰაერი ქალაქში. უკვე ლამის 20 წელია ვიბრძვით, რომ იპოდრომის ადგილას გაშენდეს პარკი“, - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ იპოდრომის ტერიტორიის მყიდველიც და გამყიდველიც ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია. კერძოდ, ფონდმა ქართუმ ქალაქის ცენტრში, სარეკრეაციო ზონაში 6 ნაკვეთი, ანუ ჯამში მთლიანად იპოდრომის ტერიტორია ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია "ინვესტ კაპიტალისგან" 60 მილიონ ლარად იყიდა.