
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ავიაკომპანია Wizz Air საქართველოში რჩება და ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აგრძელებს. თურნავას თქმით, ის კომპანიის წარმომადგენლებს პირადად ესაუბრა და ამას თავადაც დაადასტურებენ. თურნავა ასევე აღნიშნავს, რომ ავიაკომპანიები დანახარჯის შემცირებას ცდილობენ და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს Wizz Air-ს თვითმფრინავი ეყოლება ქუთაისის აეროპორტში, თუ რომელიმე სხვა ბაზაზე.
„Wizz Air არსად არ გადის, ის აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, ის რჩება ერთგული თავისი მომხმარებლების, ჩვენი მოქალაქეების, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენი ხელშეწყობით მგზავრობდა საქართველოდან.
დღეს ავიაციის გლობალური ინდუსტრია არის საკმაოდ დიდი სირთულეების სიაში, ნებისმიერი ავიაკომპანია ცდილობს, რომ შეამციროს დანახარჯები და აკეთებს სხვადასხვა თვითმფრინავების გადაჯგუფებას. ეს არის წმინდა ტექნიკური საკითხი. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, Wizz Air-ს თვითმფრინავი მაინცდამაინც ქუთაისის აეროპორტში ეყოლება დაყენებული, თუ რომელიმე თავის ბაზაზე გადართავს მას“,-აცხადებს თურნავა.
Wizz Air-ის საქართველოს ბაზრიდან გასვლას უარყოფს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ხელმძღვანელი თამარ არჩუაძეც.
არჩუაძის განმარტებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავიაკომპანია ვიზეარის ბაზირების აეროპორტად რჩება. Wizz Air საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლას მაშინვე განაახლებს, როგორც კი საქართველო საერთაშორისო რეგულარული ფრენებისთვის გაიხსნება. ეს ყველაფერი კი იმ ქვეყნებში არსებულ ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული, სადაც ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ ფრენებს ახორციელებს.
,,ხომალდის ბაზირების თემა ავიაკომპანიისა და აეროპორტის ურთიერთანამშრომლობის საგანია, რომელსაც მგზავრი საკუთარ თავზე ვერ გრძნობს. როგორც კი საქართველოდან საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები მოიხსნება, ავიაკომპანია ჭიზზ Aირ-ი, ქუთაისიდან ოპერირებას განაახლებს. ავიაკომპანია რეისებს განახორციელებს იმ მიმართულებებზე, რა მიმართულებებზეც ფრენები იქნება დაშვებული. ეს ყველაფერი კი დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე,-‘’განაცხადა თამარ არჩუაძემ.
რაც შეეხება ბაზებს - ეს არის წმინდა ტექნიკური მექანიზმი თუ სად ჰყავს საჰაერო ხომალდი ავიაკომპანიას.
,, პანდემიის პერიოდში, ვიზეარის საჰაერო ხომალდები კომპანიის ცენტრალურ ბაზაზე, ბუდაპეშტში განთავსდა, ხოლო ფრენების განახლების შემდეგ ბაზირებული საჰაერო ხომალდები ეტაპობრივად ბრუნდება, იმ ქვეყნებში, სადაც კომპანიას ბაზა გააჩნია. შემცირებული ფრენების ფონზე არამხოლოდ ჭიზზ Aირ-ი, არამედ მსოფლიოს სხვა ავიაკომპანიები, იღებენ გადაწყვეტილებას, რომ თვითმფრინავები ჰყავდეთ მაქსიმალურად დატვირთულ წერტილში, ანუ იქ სადაც საჰაერო ხომალდი 24 საათის განმავლობაში იქნება დატვირთული", განმარტავს არჩუაძე.
შეგახსენებთ, გუშინ საღამოს გავრცელდა ინფორმაცია რომ კომპანია Wizz Air ქუთაისის ბაზას აუქმებს. კომპანიას საქართველოში 5 ბაზირებული თვითმფრინავი 40-მდე მიმართულებით ჰყავდა. კონკრეტულად რა მიმართულებით გაუქმდება ფრენები ჯერჯერობით უცნობია. Wizz Air ოფიციალურ განცხადებას დღის განმავლობაში გაავრცელებს.
ასევე შეგახსენებთ, რომ საქართველო ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ „უსაფრთხო ქვეყნების“ სიაში მოხვდა. გადაწყვეტილების მიუხედავად, ამჟამინდელი ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა რეგულარული საერთაშორისო ფრენების აღდგენას 1-ელ აგვისტომდე არ აპირებს.