კრიტიკული მედიის მოგუდვის მცდელობა - დაჩქარებული წესით, მედიასთან კონსულტაციის გარეშე, პირველი მოსმენით უკვე მიიღო პარლამენტმა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია ობიექტური და კრიტიკული ტელევიზიებისთვის, მათ შორის „ფორმულასთვის“. ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ახალ შეზღუდვებს აწესებს, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას უფლება ეძლევა, მოსთხოვოს მედიას, კვლევითი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მონაცემის გადამოწმება.
სპეციალისტებისა და მედიამენეჯერების თქმით, ქართული ოცნების მიზანია, კვლევების ჩატარებაში ტელევიზიებს ხელი შეუშალოს. ამავე ცვლილებებით მედიას უზღუდავენ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ტარიფების ცვლილებას, იზრდება ჯარიმები, დამატებით რეგულატორად კი ხელისუფლებას შემოჰყავს აუდიტის სამსახური, რომელიც თავადაც წინააღმდეგია მედიასაშუალებების მაკონტროლებელი გახდეს.
გაითვალისწინებს თუ არა "ქართული ოცნება" შენიშვნებს, უცნობია. ფაქტია, რომ ივანიშვილის გუნდი ჩქარობს. პირველი მოსმენით კანონპროექტი უკვე დამტკიცებულია. სავარაუდოდ ხვალ კიდევ ერთი რიგგარეშე სესია ჩაინიშნება და დეპუტატები საარჩევნო კოდექსს მეორე მოსმენით უყრიან კენჭს.