„შეერთებული შტატები გვერდში უნდა დაუდგეს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში"- ამ სათაურით აქვეყნებს წერილს გამოცემა „ჰილში" რესპუბლიკელი კონგრესმენი მარკუეინ მალინი.
კონგრესმენი წერს, რომ პუტინის მოკავშირე ივანიშვილისთვის ძალაუფლების კონსოლიდაცია და კონტროლი მხოლოდ საქართველოს მთავრობით არ შემოიფარგლება და ის აქტიურად მუშაობს ქვეყნიდან ამერიკული კომპანიების გასაძევებლად. მაგალითად მარკუეინ მალინს მოჰყავს „ფრონტერა" და სხვა ამერიკული კომპანიები, რომელთა საკუთრების მიტაცებასაც, მისივე შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს.
„მიზანი უპირატესობის მინიჭებაა კორუმპირებული მოკავშირეებისთვის რუსეთში, ჩინეთსა და ირანში ღია თუ ფარული ბიზნეს გარიგებების გზით"- წერს მალინი.
კონგრესმენი იხსენებს მის მიერვე ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.
„ამ კანონპროექტის ამოქმედება იქნება პირველი წინ გადადგმული კარგი ნაბიჯი ცუდი აქტორებისთვის, პასუხისმგებლობის დასაკისრებლად და იმის საჩვენებლად, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ თავისუფლებისთვის ბრძოლას",- წერს კონგრესმენი მარკუეინ მალინი.