logo
ENG



საძაგლიშვილი: რურუას ადვოკატი ციხეში იმყოფებოდა, თუმცა პოლიციამ ის საგამოძიებო მოქმედებებს არ დაასწრო

02 ივლ 202015:57
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმეზე დაცვის მხარე ახალი მტკიცებულებების დართვას მოითხოვს. საუბარია სახალხო დამცველის მიერ მონიტორინგის შედეგად მოპოვებულ დოკუმენტზე რომლის მიხედვითაც, პოლიციელებმა 3 იანვარს იცოდნენ, რომ სასჯელაღსრულებაში გიორგი რურუას ადვოკატი იმყოფებოდა, მაგრამ ის საგამოძიებო მოქმედებებს არ დაასწრეს.

„დღეს მივმართავთ სასამართლოს შუამდგომლობით და მოვითხოვთ საქმეზე ახალი მტკიცებულებები დართვას. საქართველოს სახალხო დამცველის პარლამენტში ვიზიტის შემდგომ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გარკვეული დოკუმენტაცია მოპოვებული ჰქონდათ მათ მონიტორინგის განხორციელების შედეგად.

დღეს გადმოგვეცა სახალხო დამცველის აპარატიდან ჩვენ ეს დოკუმენტაცია. ამ დოკუმენტაციით უტყუარად დასტურდება, რომ 2020 წლის 3 იანვარს, როდესაც გამომძიებლებმა მისი პირადი საკნიდან ამოიღეს ნივთები, ამ პერიოდში ციხეში იმყოფებოდა გიორგი რურუას ადვოკატი, თუმცა მას საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს. ახლა უკვე უტყუარად დასტურდება, რომ გამომძიებლებს ციხის ადმინისტრაციამ შეატყობინა, რომ ადვოკატი იმყოფებოდა ციხეში, მაგრამ მის გარეშე ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედება. 

სახალხო დამცველმა მიმართა რეკომენდაციით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენინსპექციას, საქართველოს პროკურატურას, რომ ამ პოლიციელთა ქმედებებში შეიძლება იკვეთებოდეს დარღვევა და მოხდეს შესაბამისი რეაგირება.

გიორგი რურუას დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელდა და სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე სჩადიან პოლიციელები უკანონობას.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ გიორგი რურუას საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით, სადაც კითხვის ნიშნის ქვეშ არის დაყენებული ქმედებების კანონიერება და ასევე საუბარია იამზე, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება გიორგი რურუას მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ფაქტი“, - განაცხდა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ადვოკატი ალექსანდრე ბარამიძე აცხადებს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება სასამართლო პროცესში ერევა და სწორედ ამის მიზეზია, რომ შუამდგომლობა არცერთხელ არ დამკაყოფილდა. მისივე თქმით, არ არსებობს კანონიერი არგუმენტი, რომელიც გიორგი რურუას ციხეში ყოფნას გაამართლებს.

„შუამდგომლობები არაერთგზის იქნა დაყენებული და სწორედ იმიტომ, რომ ქართული ოცნების პოლიტიკური ხელმძღვანელობა უხეშად ერევა სასამართლოს საქმიანობაში, არცერთხელ არ დაკმაყოფილდა, თუმცა არცერთხელ არ იქნა მოხმობილი რაიმე კანონიერი არგუმენტი, რატომ უნდა იჯდეს გიორგი რურუა ციხეში“, - განაცხდა ალექსანდრე ბარამიძემ.

2020 წლის 15 იანვარს რურუას საკანში დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, საიდანაც სამართალდამცველებმა დაკავებულის დნმ-ის ნიმუში აიღეს. საგამოძიებო მოქმედებებს გიორგი რურუას ადვოკატი არ ესწრებოდა. 

შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ მეწილე გასული წლის 18 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. რურუა დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ იარაღი სამართალდამცველებმა „ჩაუდეს“. დღემდე ადვოკატებმა რურუას გათავისუფლება რამდენჯერმე მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარი შუამდგომლობა არცერთ შემთხვევაში არ დააკმაყოფილა. 

მიუხედავად ოპოზიციის, სენატორებისა და ევროპარლამენტარის მოწოდებისა, მმართველი გუნდი არ აღიარებს, რომ შეთანხმებაში პატიმრების შეწყალებაზე იყო საუბარი და აცხადებს, რომ ზოგადად, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან.


close დახურვა