logo
ENG



ხაზარაძე: ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ აღარ დაგვჭირდება კვოტირება და ქალები ისედაც დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს

04 ივლ 202016:03
3 წუთის საკითხავი
 
g49jeq62te75vjw.jpg

“ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ აღარ დაგვჭირდება კვოტირება და ქალები ისედაც დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს, როგორც პოლიტიკაში, ასევე სხვა თანამდებობაზე,” - პოლიტიკური პარტია “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით საუბრობს. მისი თქმით, ლელო ორიენტირებულია, რომ საზოგადოებაში ქალთა ინტეგრირება მოხდეს.

„ერთხელ და სამუდამოდ, ქალის მდგომარეობა რადიკალურად უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს საქართველოში. ამაში იგულისხმება ყველაფერი - როგორც თანასწორუფლებიანობა, ასევე მეტი ქალი პოლიტიკასა და საზოგადო საქმიანობაში,” - განაცხადა ხაზარაძემ.

ლელოს დამფუძნებელი პარლამენტის გადაწყვეტილებას კვოტირების შესახებ მიესალმება, თუმცა მიაჩნია, რომ კვოტირება ერთგვარი დისკრიმინაციაა და სამომავლოდ ქართველი ქალი კონკრეტული მექანიზმების გარეშე დაიკავებს სრულფასოვან ადგილს საზოგადოებაში.

“მივესალმები პარლამენტის გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩვენს პარტიაში შინაგანად მაინც ერთ აზრზე ვართ, რომ კვოტირება არ არის მისაღები, რადგან ეს უკვე დისკრიმინაციაა, როდესაც ქალს შეუძლია მართოს ისეთი დიდი საქმეები , რასაც მართავენ და მე ეს ვიცი ჩემი და ბადრის გაკეთებული ბიზნესიდან. იქ ქალები იყვენენ შეუცვლელები. აი, ამ პრინციპით უნდა მოდიოდნენ სათავეებში ჩვენი ქალბატონები და არა დაყოფისა​ და კვოტირების გზით, თუმცა ესეც წინ გადადგმული ნაბიჯია და ვიმედოვნებ, რომ მომავალში კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავალთ ამ მხრივ, აღარ დაგვჭირდება კვოტირება და ქალები ისედაც დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს, როგორც პოლიტიკაში, ასევე სხვა სფეროებში,” - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

​„ლელოს“ ლიდერმა კრწანისში პარტიული ორგანიზაციის ქალთა საბჭო დააფუძნა, სადაც 12 ქალი იქნება გაერთიანებული. 

წინასაარჩევნოდ საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, 2028 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიული სიების ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.

2028 წლის 28 ოქტომბერს და მის შემდგომ, 2032 წლამდე, საარჩევნო სუბიექტმა უნდა წარადგინოს ისეთი პარტიული სია, რომლის ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. 

გენდერულ კვოტირებას ემხრობა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გენდერული თანასწორობის პროექტის ხელმძღვანელი მაკა მეშველიანიც. მისი განცხადებით, გენდერული კვოტირება ნებისმიერ შემთხვევაში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. თემაზე ვრცლად მეშველიანი საკუთარ Op-ed-ში საუბრობს.

ამ საკითხზე ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ნათია სამუშიას Op-ed-ი: საარჩევნო გენდერული კვოტები დისკრიმინაციული და არაეფექტიანია.


close დახურვა