logo
ENG



არჩევნები 2020 - რა ცვლილებები შედის კანონმდებლობაში

01 ივლ 202011:58
3 წუთის საკითხავი
 
fqf4iy3kupm8et5.jpg

2020 წლის 29 ივნისს პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციაში ისტორიულ ცვლილებებს დაუჭირა მხარი - შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მეტად დაახლოებული სისტემით, 120/30 პროპორციით ჩატარდება - 120 დეპუტატს ქვეყნის მოსახლეობა პროპორციული წესით აირჩევს 1%-იანი ბარიერით, 30-ს კი მაჟორიტარული წესით.

მიღებულმა ცვლილებებმა რამდენიმე კანონში შესატანი შესწორებების საჭიროება წარმოშვა - იცვლება საარჩევნო კოდექსი, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონი, ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  და სისხლის სამართლის კოდექსებში, "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში.

უფრო კონკრეტულად, პაკეტი, რომელსაც პარლამენტი განიხილავს, ამ დროისთვის ითვალისწინებს კანონმდებლობაში შესატან შემდეგ ცვლილებებს:

 

სისხლის სამართლის კოდექსში: 

  • პაკეტის მიხედვით, ამომრჩევლისთვის 100 ლარამდე თანხის გადაცემაც ჩაითვლება მოსყიდვის მცდელობად და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, დაჯარიმებას, გამოიწვევს.

გენდერული ნიშნით კვოტირება:

  • ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, 2028 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიული სიების ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.
  • 2028 წლის 28 ოქტომბერს და მის შემდგომ, 2032 წლამდე, საარჩევნო სუბიექტმა უნდა წარადგინოს ისეთი პარტიული სია, რომლის ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. 

საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ცვლილებები:

  • კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე დაუშვებელი იქნება სააგიტაციო მასალის განთავსება, რომელიც დაექვემდებარება ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას. ასევე,დაუშვებელი იქნება საარჩევნო უბანში ან უბნიდან 25 მეტრის რადიუსში პირთა მიერ ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. 
  • ემატება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მესამე მხარისაგან რომელიმე სუბიექტის სასარგებლოდ რეკლამის/ანტირეკლამის განთავსება ჩაითვლება შემოწირულობად, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას გაცხადებული საარჩევნო მიზანი.

ცვლილებები შეეხება მედიაკამპანიასა და საეთერო დროს:

  • 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის იმოქმედებს კანონმდებლობაში ამჟამად მოქმედი პრინციპი  - ანუ უფასო საეთერო დროს მიიღებს 19 კვალიფიციური პარტია, თუმცა ამ არჩევნების შედეგების მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში უფასო საეთერო დროს მიიღებენ ის სუბიექტები, რომლებიც ბოლო (2020) საპარლამენტო არჩევნებში გადალახავენ კონსტიტუციით დადგენილ ბარიერს - 1%-ს, ხოლო 2024 წლის არჩევნების შემდეგ ეს ბარიერი 3%-იანი გახდება. 
  • დაუშვებელი იქნება ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ სარეკლამო დროის ფარგლებში ისეთი რეკლამის განთავსება, რომელიც სხვა საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მიზნებს ემსახურება - ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ სხვა სუბიექტის რეკლამირების აკრძალვის შესახებ ჩანაწერში იგულისხმება მხოლოდ პოზიტიური რეკლამა. ამ ცვლილებების მიხედვით, ანტირეკლამის გამოყენება არ იკრძალება.

კანონში ცვლილებები შედის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების კუთხით : 

  • საჯარო სკოლების პედაგოგები, აგრეთვე, სსიპ-ებისა  და საჯარო დაწესებულებების მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების თანამშრომლები  სამუშაო საათებში ვერ ჩაერთვებიან წინასაარჩევნო აგიტაციაში. ამავდროულად, კოდექსს ემატება ჩანაწერი, რომელიც არჩევნებამდე 2 თვით ადრე სამინისტროებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებს შეუზღუდავს განხორციელებული პროექტების შესახებ სარეკლამო ვიდეო რგოლების განთავსებას.

ცვლილებები ეხება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონსაც :

  • პირველი 50 000 ხმის ფარგლებში მიღებული თითოეული ხმისათვის პოლიტიკური პარტია მიიღებს დაფინანსებას 15 ლარის ოდენობით. ეს ნიშნავს იმას, რომ, მაგალითად, თუ რომელიმე პარტია აიღებს დაახლოებით 3%-ს არჩევნებში, რაც უდრის დაახლოებით 50 ათას ხმას, ამ შემთხვევაში, ის დაფინანსების სახით მიიღებს 750 ათას ლარს. ამას შეიძლება დაემატოს გენდერული კვოტის დაცვისთვის დანამატი, რაც არის 30%. შესაბამისად, 1 მილიონი შეიძლება მიიღოს პოლიტიკურმა პარტიამ ხმათა 3 პროცენტის მიღების შემთხვევაში. რაც შეეხება შემდეგ ხმებს, 50 ათასი ნამდვილი ხმის ზევით, თითოეული ხმისთვის პოლიტიკური პარტია მიიღებს 5 ლარს.

ცვლილებათა პაკეტის მომხსენებლის, ირაკლი კობახიძის თქმით, ამ ცვლილებებით დადგენილია პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ე.წ. რეგრესული წესი, რომელიც მსხვილ პოლიტიკურ პარტიებთან შედარებით, უპირატესობას ანიჭებს მცირე პარტიებს.

იცვლება საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესიც :

  •  საუბნო საარჩევნო კომისიებში არაპარტიული ნიშნით წევრთა არჩევა მოხდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის არაპარტიული ნიშნით არჩეულ წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერით, ამავდროულად, ფართოვდება ჩანაწერი ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვაზე. კერძოდ, ზუსტდება პირების წრე, რომლებიც ოჯახის წევრთა შორის იგულისხმებიან. 
  • ემატება აკრძალვა, რომლის მიხედვითაც გამოირიცხება იმ პირის პროფესიული ნიშნით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობა, რომელიც წინა საერთო არჩევნებზე კომისიაში პარტიული ნიშნით იყო განწესებული. 
  • იცვლება მეორე ტურის ჩატარების შესახებ ჩანაწერიც - ახალი ჩანაწერის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მეორე ტური უნდა ჩატარდეს პირველი ტურიდან სამი კვირის თავზე, ხოლო უფასო საეთერო დრო მეორე ტურში გადანაწილდება მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტზე, მიუხედავად იმისა, პირველი ტურში სარგებლობდა თუ არა კონკრეტული სუბიექტი კვალიფიციური სუბიექტის სტატუსით.

ცვლილებათა პაკეტის ავტორები არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი და დავით მათიკაშვილი არიან. 

პაკეტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 30 ივნისს უყარა კენჭი და მხარი დაუჭირა, თუმცა საპარლამენტო ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შენიშვნები აქვს - ისინი ფიქრობენ, რომ მმართველმა გუნდმა ეუთო/ოდირის რეკომენდაციები არ გაითვალისწინა, ამიტომაც არ აქვთ გადაწყვეტილი, დაუჭერენ თუ არა მხარს ცვლილებებს.

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით პარლამენტში დღეს, 1 ივნისს, უყრიან კენჭს - ნაციონალური მოძრაობა კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს, ევროპულ საქართველოში აცხადებენ, რომ განხილვაში მონაწილეობას მათი შენიშვნების გათვალისწინების შემთხვევაში მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს 29 ივნისს დაუჭირა მხარი - ცვლილების სასარგებლოდ ხმა მისცა 117-მა დეპუტატმა, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ევროპული საქართველოსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს. ისინი ამის წინაპირობად გიორგი რურუას გათავისუფლებას ასახელებდნენ. ენმ-სგან განსხვავებით, ევროპულმა საქართველომ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

უფრო ვრცლად 2020 წლის 29 ივნისს მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე წაიკითხეთ აქ.


close დახურვა