პოლიციამ ფოთში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით სამი პირი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, თანმხლებ პირებთან ერთად, 1976 წელს დაბადებულ პირს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, ბასრი საგნისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. თავად უგონო მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.
„საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ფოთში, 45 წლამდე მამაკაცი ე.წ. კრიმინალური გარჩევის მსხვერპლი გახდა.