logo
ENG



მეუფე მელქისედეკი: აშშ გვაძლევს მაგალითს, თუ როგორ უნდა იყოს დაცული რელიგიური პლურალიზმი

04 ივლ 202017:35
3 წუთის საკითხავი
 
x1u69fegsmvh54q.png

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი სოციალურ ქსელში ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოში ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს მიმართავს და აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთვის არაა რიგითი პარტნიორი, იგი მეგობარი და ნამდვილი გულშემატკივარია, რომელიც გამორჩეულად აფასებს საქართველოს სუვერენიტეტს, ისტორიასა და კულტურას.

მელქისედეკის თქმით,  ის ღირებულებები, რომლებიც ქრისტიანობიდან და ევროპული კულტურიდან აღმოცენდა, დღეს ყველაზე უკეთ ამერიკის შეერთებულ შტატებშია გამოხატული. 

„ჩემთვის დიდი პატივია მოგილოცოთ ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე. ეს მოვლენა ბევრად მეტია, ვიდრე 1776 წლის 4 ივლისს, 13 კოლონიის წარმომადგენელთა მიერ მიღებული დეკლარაციის დღე - ამ თარიღით დაიწყო ახალი ეპოქა, რომელმაც ძირეულად შეცვალა მსოფლიო. როგორც რიგითი ქართველი და სასულიერო პირი, შეუძლებელია მადლიერი არ ვიყო იმ ძალისხმევისა, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმართავს, რათა ჩვენი პლანეტის თითოეული წერტილი გახდეს უფრო მეტად თავისუფალი, მშვიდი, ეკონომიკურად განვითარებული და ძლიერი.

გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ის ღირებულებები, რომელიც ქრისტიანობიდან და ევროპული კულტურიდან აღმოცენდა, დღეს ყველაზე უკეთ ამერიკის შეერთებულ შტატებშია გამოხატული. სწორედ ამერიკა გვაძლევს მაგალითს, თუ როგორ უნდა იყოს დაცული პიროვნების თავისუფლება, რელიგიური პლურალიზმი თუ სხვა უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ღირებულებები.

ვიმედოვნებ, რომ საქართველოში თქვენი ელჩად ყოფნის პერიოდში, უფრო მეტად გაღრმავდება და გაძლიერდება ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა. უფრო მეტად გამტკიცდება საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა", - წერს მეუფე მელქისედეკი.

დღეს ამერიკას დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავია. ამ თარიღთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანმა ელჩმა კენი დეგნანმაც. მისი  განცხადებით, დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ არასდროს ჩერდება ბრძოლა უფრო სრულყოფილი კავშირის ფორმირებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს თანასწორობას და ადამიანის უფლებების დაცვას.


close დახურვა