რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები ფერად შენობასთან, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი გამოსაკვლევი ადგილია. ფორმულას მიერ გადაღებულ მასალაში ჩანს, რომ ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა საგამოძიებო ექსპერიმენტებიც ჩაატარეს, რომელიც ხანძრის გაჩენას უკავშირდება, ტერიტორია რამდენიმე დღის წინ გადაიწვა.
ამ დროისთვის საგამოძიებო ექსპერიმენტი დასრულებულია, ხოლო მიტოვებული შენობის წინ განათების ლითონის ბოძი გდია, რომლის გაჭრას ექპერტ-კრიმინალისტები ცდილობდნენ. ისინი ამოწმებდნენ ასხლეტილი ნაპერწკლები მოხვდებოდა თუ არა მიმდებარე ბუჩქნარს და ბალახებს.
ექსპერტებმა რამდენიმე ტრაექტორიიდან და მანძილიდან სცადეს სცენარის განხორციელება. მათ მედიასთან დამატებითი კომენტარი არ გააკეთეს, შესაბამისად უცნობია ნიშნავს თუ არა ეს, რომ ისინი ხანძრის მიზეზად განიხილავენ ელექტროხერხის გამოყენებას.
ადგილზე იმყოფებოდა შენობის მეპატრონეც, როგორც ის აცხადებს, შენობა უკვე დიდი ხანია მიტოვებულია. მისი თქმით მას არანაირი ინფორმაცია არ აქვს ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით. მისთვის ასევე უცნობია შაქარაშვილის საქმის დეტალებიც.
მიტოვებული შენობა რამდენიმე დღის წინ გადაიწვა, საქმეზე დაკავებული პირების ადვოკატები აცხადებენ, რომ შენობის დაწვა საქმეზე ბევრ კითხვას აჩენს, ვინაიდან ეს სწორედ ის შენობაა, რომელშიც საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, გარდაცვლილი ფეხბურთელის მეგობარი, გურამ ამირხანაშვილი, 19 ივნისის ღამეს იმალებოდა.
მიტოვებული შენობიდან ექსპერტ-კრიმინალისტებმა წაიღეს სხვადასხვა მასალები და ნიმუშები, მათი თქმით სანამ გამოძიება არ დასრულდება მედიასთან დეტალებზე ვერ ისაუბრებენ.