
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები კაპიტან თორნიკე შენგელიას, რომელიც რუსულ გუნდ ცსკა-ში გადავიდა, მხარდაჭერას უცხადებს. გუნდმა შესაბამისი ვიდეომიმართვა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.
როგორც ვიდეომიმართვაში სპორტსმენები ამბობენ, საწყენია რომ შენგელიას ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა. მათი შეფასებით, მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელ გუნდში იქნება შენგელია, რადგან ის ქვეყნის პატრიოტია.
მათივე შეფასებით, სამწუხაროა, რომ მათ უწევთ აღნიშნულ თემაზე საუბარი, რადგან შენგელია არის მისაბაძი ადამიანი. ნაკრების წევრებმა შენგელიას წარმატება უსურვეს.
„წარმატებას ვუსურვებთ იმ ახალ, გადადგმულ ნაბიჯში, რაც ცსკა-ში გადასვლასთან არის დაკავშირებული. დარწმუნებული ვართ, რომ თორნიკე ძალიან წარმატებული იქნება და კიდევ ერთხელ გაახარებს ქართველი გულშემატკივრის გულს საქართველს ნაკრებში და როგორც აქამდე იცავდა, ისე ღირსეულად დაიცავს ქართული ნაკრების ღირსებას, ყოველთვის იქნება ჩვენს გვერდით და ჩვენ ვიქნებით მის გვერდით“, - აცხადებენ კალათბურთის ეროვნული ნაკრების წევრები.
შეგახსენებთ, თორნიკე შენგელიამ ესპანური "ბასკონია" 6 წლის შემდეგ დატოვა და რუსულ "ცსკა"-ში გადავიდა. ეს ფაქტი თავად ესპანურმა კლუბმა სოციალურ ქსელში დაადასტურა და ქართველ კალათბურთელს "ბასკონიაში" გატარებული დროისთვის მადლობა გადაუხადა. ინფორმაცია მოსკოვური კლუბის ოფიციალურმა twitter გვერდმაც დაადასტურა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი რუსული არმიის კლუბში მომავალი 3 წლის განმავლობაში ითამაშებს.
შენგელიას ამ გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მოსკოვის გუნდში გადასვლა მისთვის მიუღებელია.
თავად შენგელია ამბობს, რომ ის გადაწყვეტილებით კმაყოფილია და იმედოვნებს, რომ “ცსკა”-სთან ერთად დიდ წარმატებას მიაღწევს.
სპორტსმენის რუსულ გუნდში ტრანსფერს მისი მამაც გამოეხმაურა. კახა შენგელიას თქმით, 3-წლიანი კონტრაქტის გაფორმება სასიხარულო და მოსალოცი ამბავია.
გარდა ამისა, მოსკოვის "ცსკა"-ში თორნიკე შენგელიას ტრანსფერთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს კალათბურთის ფედერაციამაც გაავრცელა. განცხადების თანახმად, თორნიკე შენგელია ყოველთვის დაიცავს სამშობლოს და ნაკრების ღირსებას.