"მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა. როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ გვარამიამ განაცხადა, გამოკითხვაზე გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ნიკა გვარამიას მიერ გამოთქმულ ვარაუდებთან დაკავშირებით იყო საუბარი.
„მე არ გავამხილე წყარო რადგან არ მივიჩნევ საჭიროდ. მეორე შეკითხვა იყო ბევრ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც მე ეთერში გამოვთქვამ, როგორც ლოგიკურ ვარაუდს. გამომდინარე იქიდან, რომ საქმეში იმალება მთელი რიგი დეტალები და იმიტომ გვიწევს მიხვედრა და ამ სურათის შევსება.
მეკითხებოდნენ, რომ ეს ფაქტი ვინ გითხრათ, ვეუბნებოდი, რომ ფაქტის სახით რომ მცოდნოდა რამე ამბავი მტკიცებით ფორმაში ვიტყოდი და გადმოვცემდი როგორც ფაქტს, მაგრამ სადაც ვამბობ, რომ ვფიქრობ რომ ასეა - ეს არის საგამოძიებო ჟურნალისტიკა, მას აქვს თავისი ტექნიკა წარმოების, ამიტომ მე ჩემს აზრებს და ლოგიკურ ჯაჭვებს ვავითარებ. გამოძიება ამას ყველაფერს მალავს და ეს მაიძულებს ასე მოვიქცე.
ჩვენ ვართ გამომძიებელი ჟურნალისტები, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქმე გაიხსნას. მთავარი და კრიტიკული კითხვა ის კი არ არის, ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი. მთავარი კითხვაა, რატომ არ ხდება ამ არცთუ ისე რთულ დანაშაულში მკვლელის აღმოჩენა. ვინ აფარებს ხელს მკვლელს, როგორ ახერხებს ამას და რატომ აკეთებს ამას. ეს არის ჩვენი კითხვა. როგორც კი ამ კითხვაზე პასუხი გაეცემა, გიორგი შაქარაშვილის მკვლელის აღმოჩენა გამოძიებას არ გაუჭირდება. არც აქამდე გაუჭირდებოდა, მაგრამ არ იმოქმედა ცხელ კვალზე, სამი კვირის განმავლობაში არაფერი გააკეთა“, - განაცხდა ნიკა გვარამიამ.
ტელეკომპანია "მთავარი არხის" დირექტორი საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე გუშინ დაიბარეს.