
„არჩევნებში ვართ, რა თქმა უნდა ზოგი პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს, ზოგი მედიაზე ზეწოლაზე ისაუბრებს“,-ასე პასუხობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, ოქრუაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის განახლებაზე ოპოზიციის განცხადებას.
გახარიას თქმით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არავის შეუზღუდავს. მისი თქმით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ღირსეულად ჩატარება, არა კონკრეტული პარტიის, არამედ ყველას ამოცანაა.
„არ ვიცი დეტალურად რა გამოძიება იწყება, გავერკვევი. თვითონ რაზეც უნდა, იმაზე ისაუბროს. არჩევნებში ვართ რა თქმა უნდა ზოგი პოლიტიკურ ზეწოლაზე ისაუბრებს, ზოგი მედიაზე ზეწოლაზე ისაუბრებს, მაგრამ არსებობს გარემო, როდესაც ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არავის არასოდეს არ შეუზღუდავს. ვსაუბრობთ ღიად ყველასთან ყველაფერზე. არჩევნების ღირსეულად ჩატარება ეს არ არის მხოლოდ ერთი პარტიის, ან საზოგადოების რაღაც ნაწილის მიზანი. ყველა ჩვენის მიზანი უნდა იყოს, რადგან არჩევნებით შეაფასებენ ქვეყანას. როდესაც გვაქვს თითქმის პროპორციული საარჩევნო სისტემა, ამ ქვეყანას შეუძლია რომ დემოკრატიის თვალსაზრისით შემდგომი ნაბიჯი გადადგას და ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ. ამ არჩევნებს და საპარალამენტო სავარძლებს ნუ გადავაყოლებთ ამ ქვეყანას“,-აცხადებს გიორგი გახარია.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმე „გააცოცხლოს".
როგორც პარტიების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, მმართველი გუნდის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ყველას დაანახოს, რომ მის წინააღმდეგ აქტიური პოლიტიკური პოზიციის დაკავება სახიფათოა.
პარტიები აგრეთვე გიორგი რურუაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ მისი გათავისუფლება კანონის უზენაესობის თვალსაზრისით პრინციპული საკითხია.