logo
ENG



33 დაინფიცირებული და 2 თითქმის გამოჯანმრთელებული - რა ვითარებაა ქვეყანაში ვირუსთან დაკავშირებით

15 მარ 202019:53
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში რეგისტრირებული 33 ინფიცირებულიდან ორს, პირველადი ტესტირებით, კორონავირუსი აღარ უდასტურდება - ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში ლუგარის ლაბორატორიიდან განმეორებითი ტესტის შედეგებს ელოდებიან. ტესტის შედეგებს ასევე ელოდებიან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშიც, სადაც საეჭვო ნიშნებით 5 პაციენტია მოთავსებული. 

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო ზონიდან უკვე გაწერეს 4 პაციენტი, აქედან ორს მთლიანად მოეხსნა საიზოლაციო აკრძალვები, ხოლო ორი მათგანი თვითიზოლაციის პირობებში გადავიდა. სტაბილურია წლინახევრის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, რომელიც გუშინ ოჯახის წევრებთან ერთად საავადმყოფოში ტემპერატურის დაფიქსირების გამო, საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო პუნქტიდან გადაიყვანეს.

COVID19-ის გამო, დედაქალაქის ქუჩები უჩვეულოდ ცარიელი იყო. სტუმრების ნაკლებობის გამო მუშაობა დროებით შეაჩერეს ბარებმა, რესტორნებმა და ღამის კლუბებმა. სამაგიეროდ, ხალხმრავლობაა სავაჭრო ობიექტებში. მოქალაქეები საკვები პროდუქტით მომარაგებას ცდილობენ. მათი ნაწილი აცხადებს, რომ სასურსათო პროდუქტებზე ფასები გაზრდილია.

სურსათის უვნებლობის ექსპერტი მოქალაქეებს ურჩევს, არ მოიმარაგონ დიდი რაოდენობით საკვები პროდუქტი, ვინაიდან მათი დიდი ნაწილი მალფუჭებადია, ნაწილის შენახვას კი სპეციალური პირობები სჭირდება.

ეკატერინე ბურკაძე მთავრობასაც მიმართავს: აქცენტი მხოლოდ ქსელურ მარკეტებზე არ გააკეთონ და აკონტროლონ ბაზრები. მთავრობა კი ირწმუნება, რომ სურსათის მარაგი ქვეყანაში დიდია და ამ მხრივ პრობლემებს არ ელოდებიან.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კარანტინის რეჟიმში 439, თვითიზოლაციაში კი 1100-ზე მეტი ადამიანი იმყოფება. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 64 პაციენტია მოთავსებული. 


close დახურვა