თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა. ამ დრომდე გამოძიება მხოლოდ თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა. გარდაცვლილის მამას კი დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.
გარდაცვლილის მამისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას და მუხლის გადაკვალიფიცირებას გარდაცვლილის ოჯახი, იურისტთან ერთად ორი დღე ითხოვდა. სწორედ დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შემდეგ ექნება ოჯახის იურისტს მიხეილ რამიშვილს საქმის მასალებზე წვდომა.
თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ, 23 ივლისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.
გუშინ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, რომ პირველადი დათვალიერებით ბაჩალიაშვილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა.
ჭელიძემ ასევე განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილმა 17 ივლისს აფთიაქში შეიძინა გარკვეული მედიკამენტები. მისი თქმით, ბაჩალიაშვილს ასევე ჰყავდა ფსიქოლოგი, რომელიც გამოძიებამ დაკითხა.