logo
ENG



არასავალდებულო ხასიათისაა - საგარეო უწყება აშშ-ის დახმარების 15%-ის შეჩერებაზე

25 ივლ 202015:35
3 წუთის საკითხავი
 
u7nkjl3zr48pax8.jpg

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კონგრესის მიერ საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ მიღებულ კანონპროექტში არსებული ჩანაწერი არასავალდებულო ხასიათისაა. საქმე ეხება აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გასაწევი დახმარების 15%-ის შეჩერებასთან დაკავშირებულ  კანონპროექტს.

„აღნიშნული ჩანაწერი კონგრესის საზედამხედველო ფუნქციით არის ნაკარნახევი და მისი ამოქმედება არ ატარებს სავალდებულო ხასიათს", - წერია უწყების განცხადებაში. 

წარმომადგენელთა პალატის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტის მიხედვით, საქართველოსთვის გათვალისწინებული 135 მლნ დოლარის 15%-ის გაცემა შესაძლოა, შეჩერდეს მანამ, სანამ ამერიკის სახელმწიფო მდივანი არ დაადგენს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისთვის, კორუფციასთან ბრძოლისთვის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის უზრუნველყოფისთვის ქმედით ნაბიჯებს დგამს. 

აღსანიშნავია, რომ იმ საკითხებში, რომლის თაობაზე კონგრესი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ითხოვს, საქართველო პროგრესირებს, რაც აღიარებულია თავად საერთაშორისო საზოგადოებისა და ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიერ", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

უწყებაში განმარტავენ, რომ კანონპროექტის საბოლოო დამტკიცებამდე რამდენიმე ეტაპი დარჩა გასავლელი. 

„აღსანიშნავია, რომ საბოლოო ტექსტის დამტკიცებამდე (კანონის მიღებამდე) რამდენიმე ეტაპია გასავლელი, კერძოდ, ამჟამად აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს კანონპროექტის საკუთარი ვერსია, რომლის შემდგომ ორივე პალატის ვერსია უნდა შეჯერდეს ე.წ. კონფერენციაზე.

შეჯერებული ტექსტს კენჭს უყრის აშშ-ის კონგრესის სრული შემადგენლობა და დამტკიცების შემდგომ კანონპროექტი გადაეგზავნება აშშ-ის პრეზიდენტს ხელმოსაწერად", - წერია სამინისტროს განცხადებაში. 

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ კანონპროექტს მხარი დღეს დაუჭირა. 



close დახურვა