logo
ENG



ახვლედიანის ახალი ჩვენების თანახმად, შაქარაშვილს გაგნიძე და რევაზიშვილი არ მისდევდნენ

26 ივლ 202012:27
3 წუთის საკითხავი
 

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, ვახტანგ ახვლედიანის ახალი ჩვენებით ირკვევა, რომ გიორგი შაქარაშვილს ხევში ბრალდებული გაგნიძე და რევაზიშვილი არ მისდევდნენ.

მესამე ჩვენებაში ახვლედიანი დეტალურად იხსენებს 19 ივნისის ღამეს და ამბობს, რომ „ტოიოტა ქემრის“ ავტომობილი მცხეთის მაგისტრალზე გაჩერდა, საიდანაც მისთვის უცნობი პირები გადმოვიდნენ.

როგორც ახვლედიანი ჩვენებაში ამბობს, მდევრები შაქარაშვილს, ახვლედიანსა და მათთან მყოფ პირებს გინებით მისდევდნენ.

„გაჩერებისთანავე გაიღო მანქანის წინა და უკანა მარჯვენა კარი, რა დროსაც იქიდან გადმოვიდა ორი, ასაკით ჩვენზე უფროსი, სრული სპორტული აღნაგობის ადამიანი, რომლებიც წამოვიდნენ ჩვენკენ და მივხვდი, რომ მოდიოდნენ ჩვენ საცემად, რა დროსაც დავიძახე გაიქეცით-მეთქი.

მე მოვტრიალდი, მაგრამ სანამ მოვტრიალდებოდი, დავინახე, რომ აღნიშნულ მანქანაში კიდევ იმყოფებოდნენ სხვა პირებიც, თუმცა ვინ იყვნენ ისინი, არ დამინახავს და ვერ გეტყვით.

მას შემდეგ, რაც მოვტრიალდი, კვლავ გავიქეცი ზემოთ ხსენებული ხიდისკენ დასავლეთის მიმართულებით, ამ დროს, გიორგი შაქარაშვილი გარბოდა ჩემ წინ, შემდეგ გავრბოდი მე, ხოლო ჩემ უკან მორბოდნენ გურამ ამირხანაშვილი და გიორგი ქათამაძე, ასევე უკან მოგვდევდნენ ზემოთხსენებული მანქანიდან გადმოსული პირები გინებით, წამიერად ჩემი თვალთახედვის არიდან დავკარგე გიორგი შაქარაშვილი და გურამ ამირხანაშვილი.

თუმცა როდესაც ხსენებულ გზაზე გავრბოდი, რამდენიმე წამში წამომეწია გიორგი შაქარაშვილი და ერთად განვაგრძეთ სირბილი დაღმართზე, ხსენებული მიმართულებით, თუმცა მალევე გიორგი შაქარაშვილმა გამასწრო რამდენიმე ნაბიჯით.

ამ დროს მესმოდა მდევრების ყვირილის ხმა, თუმცა ეს ხმა ოდნავ მინელდა და მივხვდი, რომ ჩამოგვრჩნენ. ისე, რომ არ გავჩერებულვარ, გავიხედე უკან, იმ ადგილისკენ, საიდანაც ისმოდა მდევრების ხმა, ანუ ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალიდან, მეორეხარისხოვანი გზის გადმოსახვევისკენ, რა დროსაც დავინახე სამი პიროვნება, რომლებიც სირბილითა და გინებით გაემართებოდნენ ჩვენი მიმართულებით.

აღნიშნული სამი პიროვნება ვერ ვიცანი, მანამდე არ მინახავს. მათ შორის არ იყვნენ არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი. ისინი იყვნენ მათთან შედარებით უფრო თხელი აღნაგობის და ახალგაზრდები, ვინაიდან მდევრები ოდნავ ჩამოგვრჩებოდნენ და ამასთან, მარცხენა მხარეს შევნიშნე ბუჩქნარში მკვეთრი ჩასახვევი, ვიხელთე დრო და გადავუხვიე გზიდან მარცხნივ და ჩავცურდი ხესთან არსებულ მკვეთრ საფეხმავლო ბილიკზე, ამ დროს დავინხე, რომ გიორგი შაქარაშვილი კვლავ გარბოდა დაღმართზე, მოასფალტებულ გზაზე და ეს გზა შედიოდა მდინარე არაგვზე გამავალ საავტომობილო ხიდის ქვეშ. მე  მისთვის არ დამიძახია გზიდან გადახვევის თაობაზე, ვინაიდან მეშინოდა, რომ ამას გაიგებდნენ მდევრებიც“, - აცხადებს ახვლედიანი.


close დახურვა