logo
ENG



თსუ-ს პროფესორის თქმით, მას შემდეგ, რაც რექტორი პლაგიატში ამხილა, მასზე შური იძიეს

27 ივლ 202011:55
3 წუთის საკითხავი
 
6uof80hrlgrdwl9.jpg

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, იაგო კაჭკაკიშვილი, აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც თსუ-ს რექტორი, გია შარვაშიძე პლაგიატში ამხილა, მასზე შური იძიეს.

როგორც კაჭკაჭიშვილი ამბობს, რექტორის ბრძანებით, თსუ-ში შეიქმნა ეთიკის კომისია, რომელსაც მისი სადოქტორო დისერტაციის, რომელიც 2001 წელს დაიცვა, შესწავლა დაევალა.

მისი თქმით, კომისია შეიქმნა საჩივრის საფუძველზე, რომელიც უნივერსიტეტში ამ წლის დასაწყისში შევიდა. მომჩივანი დათო ნადირაძეა, რომელიც, კაჭკაჭიშვილის ინფორმაციით, არც სოციალური მეცნიერებების წარმომადგენელია, არც - დოქტორის ხარისხის მქონე და არც - თსუ-ის თანამშრომელია. მისი თქმით, ეს პიროვნება გია შარვაშიძის მეუღლის ორგანიზაციის თანამშრომელი და მასთან, ოჯახთან დაახლოებული პირია. პროფესორი ამბობს, რომ ინტერესთა კონფლიქტის ნიშნები იკვეთება.

"ეთიკის კომისიამ თითქმის ოთხი (!) თვე იმუშავა და რამდენიმე დღის წინ დაწერა დასკვნა, სადაც წერია, რომ „იაგო კაჭკაჭიშვილს უფიქსირდება მეცნიერული კეთილსინდისიერების დარღვევა“.

ახლა ვნახოთ, რაში მდგომარეობს ამ ბრალდების არსი:

1. 2001 წლის იანვარში დავიცავი სადოქტორო დისერტაცია და, ამავე წელს, დაიბეჭდა ჩემი წიგნი „სოციალური მოქმედების თეორიები“, რომელიც არის დამხმარე სახელმძღვანელო მაგისტრანტებისთვის. ანუ, ჩემივე დისერტაცია წიგნად გამოვეცი, თუმცა, დამხმარე სახელმძღვანელოსთვის დამახასიათებელი მოდიფიკაციით, რაც გამოიხატა თავების შეჯამებით, დავალებების აღწერით და ა.შ. ცვლილების მიუხედავად, ბუნებრივია, წიგნმა გაიმეორა დისერტაციის არსებითი ნაწილი (85%). კომისიამ ჩათვალა, რომ ეს არის ავტოპლაგიატი, რადგან წიგნში არ მაქვს მითითებული, რომ ის ჩემივე დისერტაციის საფუძველზეა დაწერილი (თუმცა, დისერტაციაში შავით თეთრზე წერია, რომ ის შეიძლება გამოადგეთ მაგისტრანტებს და დოქტორამტებს სწავლის პროცესში, რაც ასეც ხდება უკვე თითქმის 20 წელია). 2001 წელს საქართველოს აკადემიური სივრცე და არც ერთი ფორმალური რეგულაცია არ იცნობდა „ავტოპლაგიატის“ ცნებას და არც მე მომსვლია თავში, წიგნში ჩამეწერა, რომ ის დისერტაციის საფუძველზეა დაწერილი. დღემდე ავტოპლაგიატის საკითხი საკმაოდ სადებატოა და ერთ-ერთი განმარტების თანახმად, თუ გამოუქვეყნებელი ნაშრომის გამოქვეყნება ხდება, ეს არ შეიძლება, შესაბამისი მითითების გარეშე, ჩაითვალოს გადაცდომად (მოგეხსენებათ, დისერტაცია ხელნაწერის უფლებით სარგებლობს და ის ოფიციალურად გამოქვეყნებულ დოკუმენტად არ ითვლება). ხვდებით ხომ ვითარების აბსურდულობას? რექტორმა სხვისი დაწერილი ნაშრომი პირწმინდად მიითვისა და პლაგიატი არ ჩამიდენიაო, ამტკიცებს და მე ჩემივე დისერტაციის გამოქვეყნება მეთვლება მეცნიერულ არაკეთილსინდისიერებად.

2. ეთიკის კომისიის დასკვნაში წერია, რომ დისერტაცია შეიცავს კომპილაციის ნიშნებს, ანუ სხვა ავტორთა მოსაზრებების შეჯერებას. აქაც სრულ არაადეკვატურობასთან გვაქვს საქმე: ვინ არიან ეს „სხვა ავტორები“? მაქს ვებერი, ტალკოტ პარსონსი, ჯორჯ მიდი, ჰერბერტ ბლუმერი, ენტონი გიდენსი და ა.შ., რომლებიც სოციალური მოქმედების თეორიების კლასიკოსები და თანამედროვე ავტორები არიან. ჩემი დისერტაცია („სოციალური მოქმედების თეორიები“) შესრულებული იყო თეორიული სოციოლოგიის სფეროში და როგორ შემეძლო ზემოაღნიშნულ მეცნიერთა თეორიების განხილვის გარეშე დამეწერა ნაშრომი? ანუ, კომისია ჩემგამ ითხოვს, რომ მე თავად უნდა ვყოფილიყავი სოციალური მოქმედების ორიგინალური თეორიის შემქმნელი? და ესეც რომ ყოფილიყო, სხვა თეორიები არ უნდა განმეხილა? ჩემი დისერტაცუა მონოგრაფიაა იმ თვალაზრისით, რომ საქართელოში პირველად მოვუყარე თავი და კრიტიკულად განვიხილე თეორიები და ავტორები, რომელთა შესახებაც ჩემამდე საქართველოში ერთი წინადადებაც არ დაწერილა არათუ დისერტაციის, არამედ, სამეცნიერო სტატიის სახით. ყალბი თავმდბლობის გარეშე ვიტყვი, რომ ედუარდ კოდუამ (რომელიც ქართული სოციოლოგიის მეტრი იყო), ჩემს ნაშრომს უწოდა ახალი სიტყვა საქართველოს სოციალურ მეცნიერებებში და ეს თავის რეცენზიაშიც ჩაწერა. სწორედ ამ ნაშრომის საფუძველზე, 35 წლის ასაკში, გავხდი სოციოლოგიის მეცნიერებათა პირველი დოქტორი საქართველოში

აი, ამ ორი თითიდან გამოწოვილი ბრალდების გამო, კომისიამ ჩათვალა, რომ მე მეცნიერულად არაკეთილსინდისიერად მოვიქეცი. აქვს ახლა ამას სხვა სახელი, „ანგარიშსწორების“ გარდა?" - აღნიშნავს პროფესორი.

მისივე მტკიცებით, ეთიკის კომისია, ჩვეულებრივ, როგორც მომჩივანთან, ისე ბრალდებულთან, ინტერვიუებს ატარებს, თუმცა მუშაობის თითქმის 4 თვის მანძილზე, კომისიას მასთან ინტერვიუ არ ჩაუტარებია.

"აქვე დავძენ, რომ კომისიის ზოგიერთმა წევრმა ისეთი მონანიებისმაგვარი მესიჯები მომწერეს, რომ იკვეთება მათზე ზეწოლა. ეს მესიჯები შენახული მაქვს და მათი გასაჯაროების დროც დადგება... ამასობაში, ორი დღის წინ, სტუდია „მონიტორის“ სიუჟეტის მეშვეობით აღმოვაჩინე, რომ ცნობილი 34%-იანი პლაგიატის გარდა, გია შარვაშიძეს ჩემი კვლევიდან 14 ინფორმაციულ-ანალიტიკური ცხრილი მიუთვისებია და თავის დისერტაციაში უცვლელად გადაუტანია, ავტორის (ანუ, ჩემი) მითითების გარეშე. რა არის ეს, თუ არა სრულიად სამწუხარო აკადემიური განუკითხობა თსუ-ში რექტორის დირიჟორობით?" - აღნიშნავს კაჭკაჭიშვილი. 

ცნობისთვის, კაჭკაჭიშვილმა 2020 წლის 21 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ოფიციალურად დადასტურდა თსუ-ს რექტორის გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში პლაგიატი. მან ილიას უნივერსიტეტიდან წერილი გამოაიქვეყნა, რომელიც, მისი თქმით, ადასტურებს, რომ შარვაშიძის 2003 წლის სადისერტაციო ნაშრომის 34% პლაგიატია.

"ფორმულა" ამ საკითხზე თსუ-ს დაუკავშირდა. მათ კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 


close დახურვა