„დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში გია ვოლსკის კონკურენტი ვიქნები, ეს იქნება დავითისა და გოლიათის ბრძოლა“, - ამის შესახებ განცხადებას „მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე აკეთებს. მისი განცხადებით, ქართული ოცნების წარმომადგენელს არ აქვს შესაძლებლობა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი ქალაქის ეკონომიკურ-კულტურულ ეპიცენტრად აქციოს.
„მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერი დარწმუნებულია, რომ გამარჯვება საქართველოს უკეთესი მომავლის მხარეზეა.
„ჩემო კარგო ხალხო, მივიღე გადაწყვეტილება დავდგე მაჟორიტარად დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში. ვერ დავუტოვებ საქართველოს გია ვოლსკის და მის ამფსონებს; ადამიანს, რომელსაც არავითარი შესაძლებლობა არ აქვს აქციოს ეს რაიონი ქალაქის ეკონომიკურ-კულტურულ ეპიცენტრად, უპასუხოს 21 საუკუნის გამოწვევებს და საჭირო ახალი მუხტი მისცეს ჩვენ ქვეყანას. ან დავრჩებით ვოლსკისთან ერთად ფანრიანი ტელეფონის ეპოქაში ან შევალთ 21 საუკუნეში. ეს იქნება დავითისა და გოლიათის ბრძოლა, თუმცა დარწმუნებული ვარ რომ გამარჯვება საქართველოს უკეთესი მომავლის მხარეზეა. დეტალები მოგვიანებით“, - წერს ანა დოლიძე Facebook გვერდზე.
