შინაგან საქმეთა სამინისტროში, გამოკითხვაზე "შაბათის ფორმულას" ავტორი, დავით ქაშიაშვილი იმყოფებოდა. მიზეზი ის რეპორტაჟი გახდა, რომელიც შაბათის ფორმულამ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით მოამზადა, სადაც წყაროზე დაყრდნობით ირკვევა, რომ თამარ ბაჩალიაშვილს, რამდენიმე მაღალჩინოსანზე კომპრომატები ჰქონდა.
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები გამოძიებისადმი უნდობლობაზე საუბრობენ და უკვე მეორე დღეა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციიდან მათ ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.
გარდაცვლილის დედისთვის კითხვის ნიშნებს ტოვებს ის გარემოებაც, რომ საკალმახე რომლის კამერების ჩანაწერსაც ადვოკატი ითხოვდა, აღმოჩნდა რომ 4 წელია არ მუშაობს.
ოჯახი საგამოძიებო უწყებას ბაჩალიაშვილის საქმეში კითხვებზე პასუხის გასაცემად დროს ოთხშაბათამდე აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი უწყებასთან თანამშრომლობას არ აპირებს. მთავარი კითხვაა, სად არის დრონისა და სატელეფონო საუბრის ჩანაწერები და ვის პირად ფაილებში შეაღწია 23 წლის პროგრამისტმა.
დღის ბოლოს ბაჩალიაშვილის ოჯახმა საპატრიარქოში შეხვედრა გამართა. ბაჩალიაშვილები პატრიარქის თანამოსაყდრემ მეუფე შიომ მიიღო. საპატრიარქომ ოჯახს წესის აგების უფლება მისცა.
დღესვე უნდა გასაჯაროებულიყო თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის ექსპერტიზის ჩატარების დრო, თუმცა ადვოკატს პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. საქმის მთავარი მტკიცებულება ისევ რუსთავის სამხარეო პოლიციის ეზოშია.