logo
ENG



ვინ აქებს, ვინ აკრიტიკებს და ვინ დუმს - საერთაშორისო გამოხმაურება აია სოფიას საკითხზე

04 აგვ 202017:54
3 წუთის საკითხავი
 
50ov1obmivp0wm8.jpg

ირანის ოფიციალური წარმომადგენლები აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების გამო თურქეთს ქებით ამკობენ და თურქ ხალხს "უდიდესი ისლამური გამარჯვების" გამო მილოცვებს უძღვნიან. 

ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ხამენეის უფროსი მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში ალი აკბარ ველაიათი ერთი მხრივ თურქეთს უწონებს გადაწყვეტილებას, მეორეს მხრივ კი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს გამოთქმული პროტესტისთვის აკრიტიკებს. 

"მისმა წინაპრებმა მსოფლიოს ყველა ეკლესია მუზეუმად აქციეს. აია სოფია 500 წელი იყო მეჩეთი და სამყაროს აღსასრულამდეც მეჩეთად დარჩება", - განაცხადა ველაიათიმ

პომპეომ აია სოფიას სტატუსის ცვლილების შესახებ თურქეთის უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ აშშ თურქეთის ხელისუფლების ამ ნაბიჯს აია სოფიას "დაკნინებად" აფასებს. 

ამის პარალელურად, ირანი ერთერთი პირველი იყო მიმლოცველთა შორის, რომელმაც თურქეთს აია სოფიას მეჩეთად გადაკეთება მიულოცა და ერდოღანი უპრეცენდენტო გადაწყვეტილებისთვის შეაქო. 

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აბას მოუსავმა ჯერ კიდევ ივლისის თვეში განაცხადა, რომ ირანი მოხარულია იმით, რომ აია სოფია მუსლიმური მსახურებისთვის კვლავ ღია იქნება. მისი თქმით, აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების გადაწყვეტილება ირანის საშინაო საქმეა და მასში ჩარევის უფლება არცერთ სახელმწიფოს აქვს. 

აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების გამო თურქეთი პალესტინურმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ "ჰამასმაც" შეაქო.

"მუსლიმური მსახურებისთვის აია სოფიას კარების გაღება ყველა მუსლიმისთვის საამაყოა", - განაცხადა რაფატ მურამ, "ჰამასის" საერთაშორისო პრესცენტრის ხელმძღვანელმა. 

საერთაშორისო საზოგადოების ვნებათაღელვის მიუხედავად, კრემლი აია სოფიას საკითხზე დუმს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი ვერშინინის თქმით, აია სოფია თურქეთის შიდა პოლიტიკის საკითხია და არც ერთ სახელმწიფოს თურქეთის ხელისუფლების გადაწვყეტილებაში ჩარევის უფლება არ აქვს. 

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა კი განაცხადა, რომ რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობა აია სოფიას საკითხის გამო არ დაზიანდება. 

საერთაშორისო გაერთიანებებისა და მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვართა უკმაყოფილების მიუხედავად, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ძეგლის მეჩეთად გადაკეთების განკარგულებას ხელი პრეზიდენტმა ერდოღანმა 10 ივლისს მოაწერა.

 

 

 


close დახურვა