ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ დიდუბე-ჩუღურეთში გია ვოლსკისა და ზურაბ ჯაფარიძის სახით ერთმანეთს "საბჭოთა საქართველო და თავისუფალი საქართველო" დაუპირისპირდება.
როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ევროპული საქართველო ჯაფარიძეს მხარს უჭერს.
"ზურაბ ჯაფარიძემ ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო, რომ კენჭი იყაროს თბილისში, დიდუბეში. პირადად მე და ევროპული საქართველო მას დავუჭერთ მხარს და დიდი იმედი მაქვს, რომ სხვა პარტიებთან კონსულტაციები ამ კვირის ბოლომდე დასრულდება, ასევე ზურაბ ჯაფარიძის საყოველთაო მხარდაჭერით. რაღაც თვალსაზრისით, სიმბოლური დაპირისპირებაც იქნება ვოლსკისა და ჯაფარიძის შორის, ეს არის საბჭოთა საქართველოსა და თავისუფალ საქართველოს შორის დაპირისპირება", - განაცხადა ბოკერიამ.
კითხვაზე - რადგან ანა დოლიძეც ამავე ოლქში იყრის კენჭს, ოპოზიციის ხმები ხომ არ გაიყოფა - ბოკერია ამბობს, რომ არ გაიყოფა და ჯაფარიძის გამარჯვებაში დარწმუნებულია.
ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, ის არჩევნებზე კენჭს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის.