logo
ENG



მაუწყებლების მიმართვა: სახელმწიფოს მაუწყებლების სრული სარედაქციო კონტროლის ბერკეტი ეძლევა

19 აგვ 202016:43
3 წუთის საკითხავი
 

მაუწყებლები კომუნიკაციების კომისიასა და საქართველოს პარლამენტს სთხოვენ, გამოაცხადოს მორატორიუმი მაუწყებლობის კანონში ცვლილებების ამოქმედებაზე. კერძოდ, მათ განცხადებაში მითითებულია, რომ მაუწყებლებს არ დაეკისროთ პასუხისმგებლობა მანამ, სანამ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგი ძალაში არ შევა. მიმართვას სხვა მაუწყებლებთან ერთად ტელეკომპანია ფორმულაც უერთდება. 

ისინი კომისიას მიმართავენ, რომ ამ დროის შუალედში შეეძლებათ, შეიმუშაონ რაიმე სახის გზამკვლევი, რეკომენდაცია ან დადგენილება. ამასთან, ისინი ითხოვენ, რომ სამუშაო პროცესში თავადაც ჩაერთონ, რათა ამ გზით უფრო მკაფიო გახდეს კანონი და მისი აღსრულების პროცესი ყველა მხარისათვის. 

"2020 წლის 1 ივნისს ძალაში უნდა შესულიყო ცვლილებები 'მაუწყებლობის შესახებ' კანონში. აღნიშნული ცვლილებების ამოქმედება გადაიდო 2020 წლის 1 სექტემბრისთვის. წარმოდგენილი ცვლილებების ნაწილი, ერთი შეხედვით, გადმოტანილია 'მაუწყებელთა ქცევის კოდექსიდან', რომელიც თვითრეგულირების ქვეშ ექცეოდა, თუმცა ზოგიერთი ცვლილებები სახეცვლილი ფორმითაა წარმოდგენილი და ასევე მიღებულია ახალი სახის ცვლილებები.

კეთილშობილური მიზნის ფასადირებით ცვლილებების კანონში გადმოტანით, სახელმწიფოს ეძლევა ბერკეტი, განახორციელოს მაუწყებლების სრული სარედაქციო კონტროლი, რის შედეგადაც მაუწყებლებს შეექმნათ მძიმე ფინანსური პრობლემები სანქციის სახით და საბოლოო ჯამში, შეუჩერდებათ მაუწყებლობის უფლებაც. მოქმედმა პარლამენტმა, ბუნდოვან საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, კიდევ უფრო გაამძაფრა მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევისა და კონტროლის სამართლებრივი ბერკეტები და კანონის 561 ან 562 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უჩერებს მაუწყებელლიცენზიის მოქმედებას.

მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებები შეტანილ იქნა კანონში, კანონმდებელს არ განუსაზღვრავს ბუნდოვანი ნორმების კანონისმიერი განმარტებები. არც მარეგულირებელ კომისიას შეუმუშავებია რაიმე სახის გზამკვლევი, რეკომენდაცია, დადგენილება, სადაც წარმოჩენილი იქნებოდა კომისიის ხედვა მოცემული ბუნდოვანი ნორმების განმარტებასთან დაკავშირებით, როგორც ეს გააკეთა კომისიამ, მაგალითად, სპონსორობასა და პროდუქტის განთავსებასთან დაკავშირებით.

მაუწყებლებისთვის, სამწუხაროდ, ეს კანონი არის სრულიად არაგანჭვრეტადი და ბუნდოვანი. კანონი კი უნდა იყოს განჭვრეტადი, რომ სუბიექტმა შეძლოს მისი დაცვა", - წერია განცხადებაში. 

ხელმომწერი მაუწყებლებია:

  • მთავარი არხი;
  • კავკასია;
  • ტვ პირველი;
  • ფორმულა;
  • რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი.

close დახურვა