ულტრანაციონალისტური პარტია ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე საპარლამენტო არჩევნებში გლდანის რაიონში მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს.
როგორც ბრეგაძემ "ფორმულას" განუცხადა, ოლქის არჩევანი იმან განაპირობა, რომ გლდანში ლიბერალური ღირებულებები პოპულარული არ არის, განსხვავებით ცენტრალური რაიონებისგან:
"ეს გადაწყვეტილება ქართული მარშის პოლიტსაბჭომ მიიღო. ჩვენ გვაქვს ჩვენი სოციოლოგიური კვლევები, რომელსაც ვაწარმოებთ თბილისში და არა მარტო აქ. ჩვენი რეიტინგის მიხედვით, რომელიც არის გლდანის რაიონში, გადავწყვიტეთ, გლდანის რაიონში დეპუტატობის კანდიდატად დავმდგარიყავი. შიდა კვლევების მიხედვით, თბილისის ცენტრალურ რაიონებში ქართულ მარშს აქვს შედარებით დაბალი მხარდაჭერა, ხოლო გარეუბნებში აქვს საკმაოდ მაღალი მხარდაჭერა. გლდანში სახელისუფლებო და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებზე სერიოზული რეიტინგი გვაქვს. ნიკა მელია ლიბერალური ღირებულებების მქონე პოლიტიკოსია, ეს არის მისი იდეოლოგია. გლდანში ლიბერალური ღირებულებები პოპულარული არ არის, იქ ბევრად უფრო პოპულარულია კონსერვატორული ღირებულებები. მაგალითად, გლდანში უფრო დიდი მხარდაჭერა გვაქვს, ვიდრე ვაკეში", - განაცხადა ბრეგაძემ.
მისი თქმით, გლდანში მისი მთავარი კონკურენტი მმართველი გუნდისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები იქნებიან - ლევან კობიაშვილი და ნიკა მელია.
"ისინი ერთ ფლანგზე არიან და ჩვენ მეორე სიბრტყეზე ვიქნებით. ეს იქნება გლდანში ლიბერალური და კონსერვატორული იდეოლოგიების დაპირისპირება", - აღნიშნა ბრეგაძემ.
ძალადობრივი ჯგუფის ლიდერის მტკიცებით, შიდა კვლევების მიხედვით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ქართული მარშის რეიტინგი 5-7%-მდე მერყეობს.
გლდანში კენჭს შემდეგი კანდიდატები იყრიან:
ოპოზიციური პარტიების საერთო კანდიდატი - ნიკა მელია;
ქართული ოცნება - ლევან კობიაშვილი;
პარტია ლელო - გიგლა მიქაუტაძე;
პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" - ლაშა გიორგაძე;