logo
ENG



შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულს მაქსიმუმ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება

26 აგვ 202011:30
3 წუთის საკითხავი
 
yz4lfneeg22gc52.jpg

პროკურატურამ თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის საქმეზე მამამისს ბრალი თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის მუხლებით წარუდგინა.

მას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობას გულისხმობს და ითვალისწინებს პატიმრობას 2-წლამდე და 11'-115-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ითვალისწინებს პატიმრობას 2-დან 4 წლამდე.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას მაქსიმუმ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

როგორც "ფორმულასთან" საუბარში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი რევაზ აჭარაძე განმარტავს, იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული ნასამართლევი არ არის, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, უფრო ხანგრძლივი სასჯელი შედარებით მცირეს შთანთქავს - ამ შემთხვევაში, პატიმრობის ვადა მაქსიმუმ ოთხი წლით განისაზღვრება. თუ განსასჯელი ნასამართლევია, მოსამართლის დისკრეციაა იმის გადაწყვეტა, შთანთქავს თუ არა სასჯელი ერთმანეთს.

გარდაცვლილი ბიჭის ბებია ბავშვის მამისთვის წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და ამბობს, რომ 4 წლით პატიმრობა შეუსაბამოა ამ დანაშაულისთვის. მისი თქმით, შესაძლოა, ბავშვზე ძალადობის თაობაზე პოლიციაში შეტყობინება არ შესულა, მაგრამ სამართალდამცველებმა კარგად იცოდნენ, როგორ ძალადობდა თავის დროზე მამაკაცი მეუღლეზე და ყურადღებით უნდა ყოფილიყვნენ.

25 აგვისტოს შსს-მ განაცხადა, რომ უწყებაში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის თაობაზე განცხადება ან შეტყობინება არ შესულა და ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერი გაცემული არ ყოფილა. მათივე თქმით, ოჯახში კონფლიქტთან დაკავშირებით უწყებას 2010 წელს მიმართეს, თუმცა სამართლებრივი პასუხისმგებლობა არცერთი პირის მიმართ არ დამდგარა.

11 წლის ბავშვი 23 აგვისტოს თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში მდგარ ხეზე თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს. გამოძიების ცნობით, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მამა სისტემატურად ძალადობდა, აყენებდა შეურაცხყოფას და ემუქრებოდა მის არასრულწლოვან შვილს. მათივე ინფორმაციით, მამის ქმედებების გამო არასრულწლოვანი შვილი მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობდა.


close დახურვა