"პოლიციის დეცენტრალიზაცია უნდა მოხდეს, პროკურატურას აღარ უნდა ჰქონდეს რეპრესიული ფუნქციები, სუს-ი უნდა გაუქმდეს და მის ბაზაზე კონტრდაზერვა და ანტიკორუფციული ბიურო უნდა შეიქმნას", - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა ხატია დეკანოიძემ ბორჯომში 7 ოპოზიციური პარტიის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც არჩევნების შემდეგ მართლმსაჯულების სისტემისა და ეკონომიკური საკითხების რეფორმების შესახებ იმსჯელეს.
დეკანოიძის განცხადებით, შეხვედრაზე ოპოზიციურმა პარტიებმა სასოფლო-სამეურნეო მიწების თემისთვის საკუთრებაში გადაცემის საკითხებიც განიხილეს.
"ეკონომიკის მიმართულებით, უნდა იყოს კერძო საკუთრებაში გადაცემა, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების თემისთვის გადაცემა", - აღნიშნა დეკანოიძემ.
მისივე თქმით, უნდა განხორციელდეს სკოლების ავტონომია, რადგან ეს სექტორი ხელისუფლების ადმინისტრაციულ რესურსადაა ქცეული.