logo
ENG



თბილისში, სითი მედიქალის პერსონალს პაციენტის ცემაში ადანაშაულებენ - კლინიკა უარყოფს

31 აგვ 202008:14
3 წუთის საკითხავი
clock 3579

თბილისში, კლინიკა სითი მედიქალის პერსონალს პაციენტის ცემაში ადანაშაულებენ. როგორც პაციენტის ნათესავები ამტკიცებენ, 77 წლის ქალს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.

პაციენტის ოჯახის ახლობელი რუსუდან ხარაბაძე აცხადებს, რომ პაციენტს ჩალურჯებები აქვს და ნათითურები ეტყობა.

"ჩალურჯებები დავაფიქსირეთ. პირდაპირი მნიშვნელობით ძალადობას ვუსვამთ ხაზს. ნათითურები კარგადაა დაფიქსირებული. ტელეფონი დამტვრეულია, ჩვენი ვარაუდით, ცდილობდა, ჩვენთან დაერეკა. მთელი ღამე გამოურთეს ტელეფონი და შუადღისთვის მისცეს", - აცხადებს ხარაბაძე.

ძალადობის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს კლინიკის დირექტორი ნიკა მენთეშაშვილი.

"პაციენტის პატრონებს გაუჩნდათ პრეტენზია, რომ ვითომ, აქ რეანიმაციაში მოხდა ე.წ. პაციენტის ცემა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. კამერებიდან სრულად აიღეს ჩანაწერები, წაიღებენ და ნახავენ. მე ვუყურე ჩანაწერებს და იქ ვერაფერი დავინახე. პოლიცია პაციენტსაც გაესაუბრა", - აღნიშნა მენთეშაშვილმა.

კლინიკის რეანიმაციული განყოფილების უფროსის, კობა ბალიაშვილის თქმით, პაციენტს მცირე სისხლჩაქცევები აქვს და ეს შეიძლება ვენის კათეტერიზაციით იყოს გამოწვეული.

"პაციენტს აქვს ჰიპოქსიური ენცეფალოპათია. შესაბამისად, პაციენტმა თქვა ის, რაც არ ყოფილა. იყვნენ გამომძიებლები, ამოიღეს კამერების ჩანაწერები. სილურჯე არ არის, მცირე სისხლჩაქცევაა, რომელიც ვენის კათეტერიზაციით და ა.შ. შეიძლება, იყოს", - აცხადებს ბალიაშვილი.

გამომძიებლებმა კლინიკიდან უკვე ამოიღეს კამერის ჩანაწერები. ოჯახის ახლობლები უკვე იმყოფებოდნენ პოლიციაში გამოკითხვაზე. 


close დახურვა