logo
ENG



პატრიოტთა ალიანსი Facebook-ზე ძირითადად თურქოფობიული შინაარსის ვიდეოებს ასპონსორებს

31 აგვ 202020:31
3 წუთის საკითხავი
 
7mb5ywb0toxa6bl.jpg

პარტია პატრიოტთა ალიანსის ოფიციალურ Facebook გვერდზე დასპონსორებული პოსტების დიდი უმრავლესობა თურქოფობიური და ქსენოფობიური შინაარსისაა.

ამ დროისთვის აქტიური დასპონსორებული 8 ვიდეოდან 7 სწორედ მსგავსი შინაარსისაა.

გვერდზე "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", გაზიარებული და დასპონსორებულია ვიდეოები: "თურქული რუკები - დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!", "დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!", "თურქების პრეტენზიები - დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!", "გენოციდი - დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!", "ბულგარეთის მაგალითი - დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!". 

რეკლამის დეტალებში აღნიშნულია, რომ თითოეულ ვიდეოს დასპონსორებაში $100-ზე ნაკლებია გადახდილი და პოტენციურად ერთ მილიონ ადამიანზე მეტს ექნება მასზე წვდომა. 

29 აგვისტოს აჭარაში "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო ბანერების გამოჩენას, რომელზეც აჭარა ოკუპირებული რეგიონების მსგავსად იყო გამოსახული, საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. "ლელოს" აქტივისტებმა ბანერი ჩამოხსნეს კიდეც. ამ ფონზე, მოგვიანებით, დარჩენილი ბილბორდები ბათუმის მერიამ ჩამოხსნა.

მანამდე, 24 აგვისტოს, ცენტრმა "დოსიემ" საგამოძიებო სტატია და დოკუმენტები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, პატრიოთა ალიანსს წინასაარჩევნოდ კრემლი პირდაპირ ეხმარება, როგორც ფინანსურად, ასევე კამპანიის დაგეგმვის თვალსაზრისით.

6 აგვისტოდან Facebook-მა დამატებით 32 ქვეყნისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამების ავტორიზაცია სავალდებულო გახადა

მომხმარებელმა უნდა გაიაროს ავტორიზაცია და რეკლამას მიუთითოს, თუ ვის მიერ არის დაფინანსებული (Paid for by). ასევე, რეკლამის ავტორიზებულ განმთავსებლებს შეეძლებათ, რომ შეიტანონ თავიანთი რეკლამა "რეკლამის ბიბლიოთეკაში შვიდი წლის ვადით". 


close დახურვა