ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული ერთი მოქალაქე დევი ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობს.
ქირურგ ადამ ადამანის განცხადებით, პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია, ამ დროისთვის კი მისი მდგომარეობა სტაბილურია.
ექიმის თქმით, კლინიკაში შესვლის დროს პაციენტს აღენიშნებოდა პოლიტრავმა, გულ-მკერდის მუცლის ღრუს დახურული ტრავმა, ნაფლეთოვანი ჭრილობები კისრის და მარჯვენა ზედა კიდურის მიდამოებში.
"ჩატარდა სათანადო კვლევები, კომპიუტერული ტომოგრაფია, თავის, მუცლის ღრუს რენდგენოგრაფიები და 20 საათზე აყვანილ იქნა საოპერაციოში სადაც ჩაუტარდა ოპერაცია. ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა გადატანილ ოპერაციას შეესაბამება, სტაბილურია და კონტაქტურია. სავარაუდოდ ხვალ ან ზეგ გაეწერება ამბულატორიულ მკურნალობაზე. პაციენტი ახალგაზრდაა დაახლოებით 30 წლამდე". - განაცხდა ქირურგმა ადამ ადამანმა.
აფეთქება ფილარმონიასთან გუშინ მოხდა, რა დროსაც დაშავდა სამი ადამიანი, მათგან 2 მუშაა, ხოლო ერთი - გამვლელი. გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ის სავარაუდოდ მუშაა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დირექტორის ვაჟა სირაძის განცხადებით, პირველადი ინფორმაციით, ფილარმონიასთან აფეთქება სავარაუდოდ, კონდიციონერის დამონტაჟებისას გაზის ბალონმა გამოიწვია.