logo
ENG



ადვოკატი: ბაჩალიაშვილის მანქანაში ვადაგასული წამლები იყო, წარმომავლობა დაუდგენელია

05 სექ 202015:26
3 წუთის საკითხავი
 

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში ვადაგასული წამლები იპოვეს, თუმცა, გამოძიებას დღემდე არ დაუდგენია, როგორ აღმოჩნდა იქ ეს მედიკამენტები. 

"ავტომობილში იყო გაურკვეველი მედიკამენტები. საიდან აღმოჩნდა ეს მედიკამენტები, გამოძიებას დღემდე არ დაუდგენია. 

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბაჩალიაშვილის ორგანიზმში ეს კონკრეტული წამლები აღმოჩენილი არ არის. ოჯახი ამბობს, რომ სახლში ვადაგასული წამლები არ ჰქონდათ". - უთხრა ფორმულას მიხეილ რამიშვილმა.

პროკურატურას გუშინ, 4 სექტემბერს ვადაგასული წამლების შესახებ არაფერი უთქვამს. უწყებამ ბაჩალიაშვილის ვიდეოკადრები გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს, ბაჩალიშვილმა 17 ივლისს რამდენიმე სხვადასხვა აფთიაქში წამლები იყიდა. გამოძიების ცნობით, მის ორგანიზმში სწორედ შეძენილი წამლები აღმოჩნდა - საქმე ეხება წნევის, ტკივილგამაყუჩებელ და საძილე პრეპარატებს. პროკურატურა ასევე ამტკიცებს, რომ სწორედ ამ წამლების შესახებ ინფორმაციას ეძებდა ბაჩალიაშვილი ინტერნეტში გარდაცვალევბამდე 1 თვით ადრე. 

გარდაცვლილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ მას წამლები თვითმკვლელობის მიზნით არ შეუძენია და ამ მედიკამენტების ყიდვა აიძულეს. თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ მისმა შვილმა გასახდომი ჩაიც შეიძინა და თუ ის თვითმკვლელობას გეგმავდა, წონაზე არ იზრუნებდა. 

პროკურატურის მიერ 4 სექტემბერს გავრცელებული ცნობითვე, თამარ ბაჩალიაშვილის YouTube არხიდან მისივე 16 ვიდეოა ჩამოტვირთული

23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 5-ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს სოფელ მაწევანის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.


close დახურვა