ისანში, ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მოსახლეობა იმ ბინების დაკანონებას ითხოვს, სადაც უკვე მრავალი წელია ცხოვრობენ.
ამ მოთხოვნით აქცია რამდენიმე თვის წინაც გამართეს, თუმცა ამბობენ, რომ მაშინ გამგეობაში კონკრეტული ადამიანების სია გადასცეს და განუცხადეს, რომ ბინები დაუკანონდებოდათ. დაპირების მიუხედავად, საკითხი ამ დრომდე არ მოგვარებულა.
მას შემდეგ, რაც მოსახლეობამ საავტომობილო გზა გადაკეტა, ადგილზე ისნის რაიონის გამგეობის წარმომადგენელი მივიდა. მან ბინების დაკანონებისთვის საჭირო პროცედურები განმარტა და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ზემდგომ ორგანოებში საკითხის შესწავლა მიმდინარეობს.
"პროცედურები მიმდინარეობს შემდეგნაირად: გამგეობის კომპეტენცია არის ის, რომ გაუწიოს შუამდგომლობა ამ ხალხს. ეს არის სახელმწიფო ქონება, რომელსაც იყენებენ საცხოვრებელ ფართებად. არის ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალი, სადაც წესით, როცა სახელმწიფოს დასჭირდება უნდა უმკურნალოს სამხედროებს. ესენი არიან შესულები ამ ფართში. სახელმწიფომ გაითვალისწინა ამათი გაჭირვება და მიიღო გამგეობამ გადაწყვეტილება, რომ უშუამდგომლონ ზემდგომ ორგანოებში. უნდა გაკეთდეს აზომვითი სამუშაოები, ყველა ფართში დარეგისტრირდეს ვინ ცხოვრობს, რა კატეგორიის ხალხია, რა ფართს იკავებენ და აზომვითი ნახაზი მოგვცემს სურათს. ამის შემდეგ უნდა ვთხოვოთ ეკონომიკის სამინისტროს გადმოგვცეს თვითმმართველობას, რომ ამ ხალხს ეს საცხოვრებელი ფართები ბინებად დაურეგისტრირდეს. ამ ყველაფერს დრო სჭირდება, მიმდინარეობს შესწავლა პროცედურების დაცვით", - განაცხადა გამგეობის წარმომადგენელმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მოსახლეობას "ვიღაც მართავს" და ისინი შანტაჟში დაადანაშაულა.
კორპუსის მცხოვრებლები შესაბამის დოკუმენტს ითხოვს, რომელზეც თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის ირაკლი თავართქილაძის, ისნის რაიონის გამგებლის კახა ლაბუჩიძისა და თბილისის მერის კახა კალაძის ხელმოწერა იქნება.
საავტომობილო გზა ამ დროისთვის გახსნილია, თუმცა ადგილზე კვლავ დაძაბული ვითარებაა. ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.