logo
ENG



პანკისში მოკლული ვისო მუთოშვილის ძმა, შმაგი მუთოშვილი დააკავეს

19 სექ 202012:12
3 წუთის საკითხავი
 

პანკისში მოკლული ვისო მუთოშვილის ძმა, შმაგი მუთოშვილი დააკავეს. მას გამოძიება 2 ან მეტი პირის მკვლელობის მცდელობას და იარაღის უკანონო ტარებას ედავება.

საუბარია 29 ივლისს სოფელ დუისში მომხდარ შემთხვევაზე, როცა ქავთარაშვილების საცხოვრებელი სახლი დაცხრილეს. სახლში, რომელსაც რამდენიმე ტყვია მოხვდა, მურად ქავთარაშვილი და მისი მშობლები იმყოფებოდნენ. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. 

სწორედ ქავთარაშვილების გვარის ერთ-ერთი წარმომადგენელია ბრალდებული ვისური მუთოშვილის მკვლელობაში. 

"გუშინ, საღამოს 18:00-სკენ მოვიდნენ და წაიყვანეს. გაფორმებული, კანონიერი იარაღი ჰქონდა ჩემს შვილს. ის იარაღი ამოიღეს სახლიდან. იქ ნასროლი ტყვიები ამ იარაღიდან არის ნასროლიო. სინამდვილეში მასე არაა. როგორც უნდა ისე შეკრეს. ჩემი შვილის 9 და 11 წელი რომ მიუსაჯეს, გაასაჩივრეს, არ ემეტებათ და ამიტომ მოაწყეს ეს ყველაფერი. უშიშროების ხალხია" - ამბობს შმაგი მუთოშვილის დედა, თამარ მუთოშვილი. 

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს პანკისში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ვისო მუთოშვილი (შმაგი მუთოშვილის ძმა) მოკლეს. მუთოშვილის მკვლელობაში ბრალდებულებს 11 და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 

აღსანიშნავია, რომ ბრალდებულების ახლობლებმა მუთოშვილებთან შერიგება სცადეს, თუმცა შერიგების ფაქტი არ შედგა. 


close დახურვა