logo
ENG



ჩიქოვანი შაქარაშვილის მშობლებს: გინდათ, მკვლელობაზე უდანაშაულო ხალხი გაგვასამართლონ?

25 სექ 202015:33
3 წუთის საკითხავი
 
mi9d7ohis97vehd.jpg

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ ვახტანგ ჩიქოვანს, გარდაცვლილი სპორტსმენის მშობლებისგან აინტერესებს, უნდათ თუ არა, რომ "უდანაშაულო ხალხი" მათი შვილის მკვლელობის ბრალდებით გაასამართლონ.

"ინტერპრესნიუსისთვის" გაგზავნილ წერილში ვახტანგ ჩიქოვანი წერს, რომ შაქარაშვილის საქმე შეკერილია, თუმცა ის დანებებას არ აპირებს და საკუთარი უდანაშულობის დასამტკიცებლად მზად არის. 

"მე არ მწამს პროკურატურის დაქირავებული მოსამართლეების. ადამიანი, რომელიც თავისი მიღებული გადაწყვეტილებებით მიგვანიშნებს, რომ ეს საქმე არის შეკერილი. ეს ჩვენ კარგად ვიცით, ის წარმოადგენს პროკურატურას და არა სასამართლოს და თქვენ ამას უნდა შეეგუოთო. მაგრამ არ ვაპირებ ამ სისულელეს და ცილისწამებას თვალი გავუსწორო. სიცოცხლის ფასად რომ დაგვიჯდეს, ჩვენს  უდანაშაულობას მაინც დავამტკიცებთ.

ასევე უნდა მივმართო გიორგი შაქარაშვილის მშობლებს - ნამდვილად გინდათ თქვენი შვილის მკვლელობის ბრალდებით უდანაშაულო ხალხი გაგვასამართლონ? ამასთანავე მინდა მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენი წყევლითა და ლანძღვით არის დაკავებული. დაფიქრდით, იქნებ ასეთ გაურკვეველ სიტუაციაში თქვენი შვილებიც მოხვდნენ, რომლებიც სრულიად უდანაშაულოები არიან. მერე მიხვდებით, როგორი ძნელია, როდესაც თქვენთვის საყვარელ ადამიანებს ასეთ აბსურდულ დანაშაულებს ტენიან", - წერს ჩიქოვანი წერილში.

გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა. მის ცხედარს 22 ივნისს მიაკვლიეს მდინარე არაგვში. სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით - ამ დასკვნის შემდეგ გამოძიება გადაკვალიფიცირდა და დაემატა განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მუხლიც.

ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული. ხუთს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ფეხბურთელის განზრახ მკვლელობას ედავება. არც ერთი მათგანი: ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი და ორი არასრულწლოვანი - ზ.ხ. და ა.ქ. ბრალს არ აღიარებს.


close დახურვა