logo
ENG



სააკაშვილი გარეჯზე: პროვოკაციაა, აპირებენ, ააგონ ამბავი, რომ ქართული მიწა გავყიდეთ

30 სექ 202012:03
3 წუთის საკითხავი
 

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დავით გარეჯის საკითხზე დაწყებულ გამოძიებას "დიდი ხნის წინ დაგეგმილ პროვოკაციას" უწოდებს. იგი ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ ხელსუფლება გეგმავს, მას დააბრალოს "ქართული მიწის გაყიდვა" და მოვლენების განვითარების მისეულ ვერსიას ყვება:

"ისინი აპირებენ, რომ ჯერ ალაპარაკონ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მანჯგალაძე, რომელიც იტყვის, რომ ამ ტერიტორიების გასხვისების რაღაც დავალებები მიიღო ჩემგან თუ სხვისგან. შემდეგ აპირებენ, გამოიყვანონ მოსკოვში მცხოვრები აზერბაიჯანული წარმომავლობის ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ ფული გადაიხადეს, 70 თუ 80 მილიონი, რაც დაიბადება ფსბ პროპაგანდისტების თუ ივანიშვილის თავში, ამ მიწების გასხვისებისთვის. შემდეგ ამაზე ააგებენ ამბავს, რომ ჩვენ გავყიდეთ ქართული მიწა. სიმართლე არის სრულიად საწინააღმდეგო.

ჩემი მმართველობის დროს ყველა შეხვედრაზე ვაყენებდით საკითხს, რომ საბოლოოდ მომხდარიყო საზღვრის დელიმიტაცია და დავით გარეჯი ყოფილიყო ბოლომდე დაკანონებული, როგორც საქართველოს სუვერენული ტერიტორია. ჩვენ დროს ვერავინ გაბედავდა, ქართველები არ შეეშვათ გარეჯში და ახლა ქართველ მომლოცველებს ჩაუკეტეს ძეგლში შესვლის საშუალება".

29 სექტემბერს პროკურატურამ დავით გარეჯთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის მონაკვეთების საქართველოს საზიანოდ შეთანხმებაზე გამოძიება დაიწყო.

როგორც გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.
ამ თემაზე პროკურატურამ სამონასტრო კომპლექსში მცხოვრები არქიმანდრიტი კირიონი გამოკითხა.

 


close დახურვა