logo
ENG



ფილფანის ოჯახმა მოზარდის მპოვნელისთვის ფულადი ჯილდო დააწესა

07 ოქტ 202010:50
3 წუთის საკითხავი
 
ფილფანის ოჯახმა მოზარდის მპოვნელისთვის ფულადი ჯილდო დააწესა

18 ივლისს გაუჩინარებული ილია ფილფანის ოჯახი მოზარდის მპოვნელისთვის 50 000-ლარიან ჯილდოს აწესებს. ამის შესახებ ფილფანის ოჯახმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ფილფანის დედის თქმით, 30 000 ლარს კი გადაიხდიან ინფორმაციისთვის, რომელიც ბავშვის ადგილსამყოფელის ან მის გაუჩინარებასთან კავშირში მყოფი პირების დადგენაში დაეხმარებათ. 

"2,5 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენს შვილს ვეძებთ. გამოძიება გრძელდება, ბავშვის გაუჩინარების ყველა შესაძლო ვერსია მუშავდება. საძიებო სამუშაოები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს, გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ზემო სვანეთის რეგიონს - ადგილს, სადაც ილია უკანასკნელად ნახეს და მესტია-ჯვრის მაგისტრალს.

ინფორმაციის ნაკლებობა სამუშაოებს აფერხებს, ამიტომ გვსურს, ძებნაში დახმარებისთვის გამოვაცხადოთ ჯილდო. თუ კი იცით, სად არის ამჟამად ბიჭი და ეს ინფორმაცია დადასტურდება, ჩვენ მზად ვართ, 50 000 ლარი გადავიხადოთ. ინფორმაციისთვის, რომელიც დაეხმარება ბავშვის ადგილსამყოფელის ან მის გაუჩინარებასთან კავშირში მყოფი პირების დადგენაში, ჩვენ ვთავაზობთ ჯილდოს - 30 000 ლარის ოდენობით. ჩვენთან კონტაქტი შესაძლებელია ტელეფონის, ფოსტის, სოციალურ ქსელის, შუამავლების დახმარებით ან თქვენთვის ხელსაყრელი ნებისმიერი გზით. ჩვენ ვიძლევით კონფიდენციალურობის გარანტიას და პირობას ვდებთ, რომ ჩვენი ოჯახი თქვენ დევნას არ დაიწყებს", - ამბობს ფილფანის დედა, ქსენია ფილფანი.

ილია ფილფანი 18 ივლისს დილით სახლიდან ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. მისი სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ფილფანს ინტერპოლის ყვითელი ცირკულარითაც ეძებენ.


close დახურვა