logo
ENG



გოცირიძე: ილიჩოვას და მელაშვილის დაპატიმრება ქვეყნის ღალატია ივანიშვილისა და მისი პარტიის მიერ

09 ოქტ 202012:28
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ხელმძღვანელის, ივერი მელაშვილის და კომისიის წევრის ნატალია ილიჩოვას დაკავება რუსული სპეცსამსახურების მიერ დადგმული წინასაარჩევნო აქციაა, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებაც მონაწილეობს.

გოცირიძის თქმით, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაპატიმრება ქვეყნის ღალატია. 

"ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაპატიმრება არის ქვეყნის ღალატი ივანიშვილსა და მისი პარტიის მიერ. ეს არის რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დადგმული წინასაარჩევნო აქცია, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად. ეს არის მორიგი გაგრძელება იმ უნამუსო ქმედებებისა, რომელსაც ქართული ოცნება ყოველთვის სჩადიოდა წინასაარჩევნოდ", - აცხადებს გოცირიძე.    

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ხელმძღვანელს, ივერი მელაშვილსა და კომისიის წევრს, ნატალია ილიჩოვას აღკვეთის სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ გამოაცხადა.

ბრალდება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. სხდომაზე ივერი მელაშვილმა თქვა, რომ ეს არის ზუსტად ქვეყნის ღალატი, როდესაც ამ საკითხის წამოწევა ხდება.

გამოძიება 17 აგვისტოს დაიწყო, ის სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და სასჯელის ზომად ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა