დეკანოზი საბა ჭიკაიძე აცხადებს, რომ კარტოგრაფიული რუკის მოძიებაში ქართული ოცნების მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართული.
ის ჰყვება, რომ დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარმა მამა კირიონმა დახმარებისთვის ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა, შემდეგ კი ორიგინალი რუკის მოძიების საქმეში ბიძინა ივანიშვილიც ჩაერთო და დავით ხიდაშელს დაუკავშირდა:
"მამა კირიონი დაუკავშირდა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ძალიან დაინტერესებულია და პირად თემად აქვს ქცეული ეს თემა, დიდი მადლობა მას ამისთვის. ის შემდეგ დაუკავშირდა ბიძინა ივანიშვილს, ბატონმა ბიძინამაც გულთან ახლოს მიიტანა ეს საკითხი და დაუკავშირდა დავით ხიდაშელს, რომელმაც მისთვის ნაცნობი გზებით მოიძია ამ რუკის ორიგინალი და დღეს, საბადნიეროდ, ის ჩვენ ხელშია", - ამბობს საბა ჭიკაიძე.
დეკანოზი სრულად იზიარებს საპატრიარქოს პოზიციას მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას "მოღალატეობრივი" ქმედების შესახებ და აცხადებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებული არაა.
"ის, რომ ეს ადამიანები არიან დაკავებული, არ ნიშნავს იმას, რომ მაინც და მაინც პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა... როდესაც შენ ასხვისებ შენი ქვეყნის ისტორიულ ტერიტორიას, სამშობლოს ღალატი სხვა არაფერია", - განაცხადა დეკანოზმა.
დავით ხიდაშელზე, რომელსაც დეკანოზი ახსენებს, გასულ დღეებში ფორმულა საუბრობდა.
წყაროს ცნობით, ის ტოპოგრაფიული რუკები, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ პროკურატურას მიაწოდა და რის საფუძველზეც დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები დააკავეს, უწყებამ რუსეთიდან მოიპოვა.
წყაროს ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს რუკები სწირედ ქართულ ოცნებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა მიაწოდა, რომელმაც ეს ინფორმაცია, თავის მხრივ, რუსეთის საგარეო დაზვერვის საიდუმლო ოფიცრის, ოლეგ მუბარაშკინის დახმარებით მოიპოვა.
8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრებს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ გამოაცხადა.
ბრალდება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. სხდომაზე ივერი მელაშვილმა თქვა, რომ ეს არის ზუსტად ქვეყნის ღალატი, როდესაც ამ საკითხის წამოწევა ხდება.
გამოძიება 17 აგვისტოს დაიწყო, ის სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და სასჯელის ზომად ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.