პრორუსული პარტიის პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ დავით გარეჯის საქმეში ის რუსულ კვალზე ვერ ისაუბრებს. მისი განმარტებით, მას არავითარი არგუმენტი არ აქვს იფიქროს, რომ რუსეთი დაინტერესებულია საქართველოს გადმოსცეს დოკუმენტი, რომლის თანახმადაც ქვეყანას შეუძლია მის კუთვნილ ტერიტორიებზე სამართლებრივად დაიწყოს დავა.
მისივე თქმით, ამ ლოგიკით გამოდის, რომ რუსეთი საქართველოს საკითხის სამართლიანად გადაწყვეტაში ეხმარება.
"ჩვენ ადეკვატურობა კი არ უნდა დავკარგოთ. საქართველოში რაც არ უნდა მოხდეს, წარმატება იქნება, წარუმატებლობა, მარცხი თუ გამარჯვება, ყველაფერში რუსულ კვალს ეძებენ. ეს მივიდა ძალიან ავადმყოფურ ფორმებამდე.
ამ სიტუაციაში მე რუსულ კვალზე არ შემიძლია საუბარი. იმიტომ, რომ არავითარი არგუმენტები არ მაქვს, რომ რუსეთი ახლა დაინტერესებულია, იმით, რომ ჩვენ მოგვცეს დოკუმენტი, რუკა, რომლის თანახმადაც ჩვენ შეგვიძლია სამართლებრივად დავიწყოთ ლაპარაკი ჩვენს კუთვნილ ტერიტორიებზე იმ ზოლში.
თუ ამ ლოგიკას გავყვებით გამოდის, რომ რუსეთი ჩვენ გვეხმარება, იმაში, რომ ჩვენთვის სამართლიანად გადაწყდეს საკითხი",-თქვა ინაშვილმა TV პირველის ეთერში.
დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ხელმძღვანელი, ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი, ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
გამოძიება 17 აგვისტოს დაიწყო, ის სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და სასჯელის ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მელაშვილისა და ილიჩოვას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გუშინდელ სხდომაზე ივერი მელაშვილმა თქვა, რომ ეს არის ზუსტად ქვეყნის ღალატი, როდესაც ამ საკითხის წამოწევა ხდება.
დაკავებულები ბრალდებას უარყოფენ და მათ მიმართ გამოძიებას პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებენ. პროკურატურის ამ ნაბიჯს ოპოზიციის, ექსპერტებისა და სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან პროტესტი მოჰყვა - ისინი თემის წამოწევას წინასაარჩევნო სვლად აღიქვამენ.
აღსანიშნავია, რომ დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის მუშაობაზე გამოძიების დაწყებას პრორუსული პარტია პატრიოტთა ალიანსი 2019 წლის ივნისში ითხოვდა.
მას შემდეგ, რაც პროკურატურამ საქმის გამოძიების დაწყების შესახებ განცხადება გააკეთა (2020 წლის 29 სექტემბერს), კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ და კომისიის მუშაობას "მოღალატეობრივი" უწოდა.