პროკურორი ამირან გულუაშვილი აცხადებს, რომ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალი ილიჩოვა, შესაძლოა, სხვადასხვა დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ.
გულუაშვილმა მეტი კონკრეტიკისგან თავი შეიკავა და თქვა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე საზოგადოებისთვის ყველა დეტალი ხელმისაწვდომი ვერ იქნება.
"მოტივთან დაკავშირებით ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებითი ხასიათის მინიშნებების გათვალისწინებით, საუბარია, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულები, შესაძლოა, მოქმედებდნენ სხვადასხვა დავალებების შესაბამისად და შესაძლებელია, დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობდნენ ასევე სხვა პირები.
რაც შეეხება მეტ დეტალიზაციას, ცალსახად უნდა განვსაზღვროთ, რომ არსებობს გარკვეულ შემთხვევებში ინტერესი, მათ შორის, საქმის ფიგურანტი პირებისთვის არ გახდეს გარკვეული მონაცემები ცნობილი. მას შემდეგ, რაც შესაბამისი მტკიცებულებითი სტანდარტი იარსებებს და გარკვეული შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა იქნება, მედია და საზოგადოება ამის შესახებ იქნება ინფორმირებული", - განაცხადა პროკურორმა.
რაც შეეხება კითხვას - ის, რომ ივერი მელაშვილი და ნატალი ილიჩოვა „დავალებებს ასრულებდნენ“, ვარაუდია თუ გამოძიებას ამის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულებები აქვს, გულუაშვილმა თქვა, რომ გამოძიება ყველა შესაძლო ვერსიაზე მუშაობს.
"ჩვენი ვალდებულებაც არის, რომ ნებისმიერი ვერსია, რომელიც არსებობს გამოძიების მიმდინარეობის ეტაპზე გადავამოწმოთ ნებისმიერი სცენარი, რომლითაც შეიძლება მოვლენები განვითარებულიყო და არაერთხელ დავადასტურეთ, რომ ყველა სცენარი, რაზეც საჯაროდ მიმდინარეობს საუბარი, ჩვენს მიერ განხილულია და მიდის მუშაობა ამ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. მე ახლა ვსაუბრობ მინიშნებებზე, რომლებიც საქმეში არსებობს და რომლებსაც მტკიცებულებითი ხასიათი გარკვეულწილად გააჩნია, საჭიროა შემდგომი საგამოძიებო-საპროცესო საქმიანობის ჩატარება და შესაბამისი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შემდგომი დასკვნების გაკეთება", - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.
დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ 7 ოქტომბერს დააკავა. გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიება ამბობს, რომ ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ, დავით გარეჯთან საზღვრის დადგენის პროცესში არ გამოიყენეს სათანადო რუკები, რის გამოც კომპლექსის ნაწილი სხვა ქვეყანას [აზერბაიჯანს] მიეკუთვნა, რაც საქართველოს ინტერესებისთვის დამაზიანებელია. კარტოგრაფები კი აცხადებენ, რომ ის რუკა, რომლის გამოყენებასაც პროკურატურა ითხოვს, არაზუსტია და დაახლოებით 200-300 მეტრიან ცდომილებას იძლევა, შესაბამისად, მას მოლაპარაკების პროცესში ვერ გამოიყენებდნენ.
დაკავებულები მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. ივერი მელაშვილის ცოლმა, თამარ სულაძემ ისიც თქვა, რომ "ქართული ოცნების წარმომადგენლებმა დადგეს დიდი სპექტაკლი, რომ ეჩვენებინათ, ვითომ ნაციონალების დროს მოხდა მიწების გასხვისება, თვითონ ფრთიანი ანგელოზები არიან და ამით ცდილობდნენ, მოეპოვებინათ ხმები".
საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს ოპოზიცია და სახელმწიფო სტრუქტურების ქმედებებს ეროვნული ინტერესებისთვის საზიანოს უწოდებს.