logo
ENG



მდინარაძე: თუკი პროკურატურაში ინფორმაცია წინასაარჩევნოდ შევა, გამოძიება არ უნდა დაიწყოს?!

12 ოქტ 202014:46
3 წუთის საკითხავი
 
e39uskms0yenir4.jpg

"თუკი ეს ინფორმაცია პროკურატურაში შევა წინასაარჩევნოდ, პროკურატურამ ეს უნდა დამალოს და თქვას, რომ არჩევნები გადაივლის და მერე დავიწყებ გამოძიებას?! თუ გამოძიება უნდა დაიწყოს?!", - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე კითხვას, რატომ დაიწყო დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება წინასაარჩევნოდ.

მდინარაძისვე თქმით, გამოძიება ვერ გაჩერდება მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკოსები და მედია "მავნებლობენ":

"ბუნებრივია, გამოძიება უნდა დაიწყოს და ესე იგი უნდა ველოდოთ იმასაც, რომ ვიღაც მავნებელი პოლიტიკოსი და მისი მავნებლურად მოლაპარაკე ტელევიზიები აუცილებლად იტყვიან, რომ ეს იყო წინასაარჩევნო პერიოდისთვის გათვლილი. იმიტომ, რომ ასე მავნებლობენ, გამოძიებას ვერ გააჩერებ. 

დღეს რომ აღმოჩნდეს, რომ ვიღაც პოლიტიკოსმა ან არაპოლიტიკოსმა, რომელიც არის ნაციონალური მოძრაობის, ან მისი კლასტერის მხარეს, დანაშაული ჩაიდინა, ამ შემთხვევას არ ეხება, გამოძიება არ შეჩერდება იმიტომ, რომ წინასაარჩევნო პერიოდია", - აცხადება მამუკა მდინარაძე.

8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრებს, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. 

გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".

როგორც პროკურატურა ამბობს, კომისიის საქმიანობაზე გამოძიება 17 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროსგან მიღებული წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს მასალები, რის საფუძველზეც პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს, ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა მიაწოდა, რომელსაც, თავის მხრივ, რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომელთან აქვს კავშირი. 

პროკურატურა ირწმუნება, რომ საზღვრის დამდგენი კომისიის ხელმძღვანელები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ.

ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან "რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი". ასევე, საზღვრის დადგენაზე გადაწყვეტილებას სახელმწიფოები იღებენ, კომისიის წევრები კი ორივე ქვეყნის მხრიდან მხოლოდ დოკუმენტებს შეისწავლიან და რეკომენდაციებს გასცემენ. 

ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება დავით გარეჯის საქმეზე გამოძიების დაწყებას წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს.


close დახურვა