logo
ENG



კოვიდპაციენტები საავადმყოფოებს მიღმა - "რა გიყოთ, შენნაირი ბევრია"

19 ოქტ 202021:04
3 წუთის საკითხავი
 
9lb4vt1eyy49erv.jpg

არაერთი კოვიდინფიცირებული ადამიანი ჩივის დაგვიანებულ სასწრაფო დახმარებასა და სასტუმროში უყურადღებოდ დატოვებაზე. ამბობენ, რომ ხანგრძლივი ლოდინისას დაავადება მწვავდება. ზოგიერთი კი, ვისაც იზოლირების საშუალება არ აქვს, კოვიდ სასტუმროშიც ვერ ხვდება და ვერც ოჯახის ექიმებისგან იღებს სათანადო ინფორმაციას.

დახმარების მომლოდინე მოქალაქეების მცირე ნაწილმა ახლობლების Facebook სტატუსებით მიიპყრეს ყურადღებას. თუმცა, ასე ცოტას "უმართლებს". ზოგიერთი კვლავ დახმარების მოლოდინშია. 

გთავაზობთ რამდენიმე ინფიცირებულის ისტორიას:

"ყველა ოპერატორი დაკავებულია"

30 წლის მარიამ თევდორაძე ბათუმში ინფიცირებულ ორ მცირეწლოვანთან და 70 წლის დედამთილთან ერთად ორი დღის განმავლობაში ცდილობდა, სახლში  სასწრაფო დახმარება მიეღო. 

ინფიცირებულია ოჯახის შვიდი წევრი. მათი ნაწილი ე.წ. კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს, სახლში სამკურნალოდ კი 4 ადამიანი დარჩა. 

"ვრეკავდით სასწრაფოში, ალბათ, 50-ჯერ დავრეკეთ. შემდეგ ოჯახის ექიმი დამიკავშირდა და არანაირი დახმარება, მხოლოდ იმას გვეუბნებოდნენ, რომ ახლავე მოვიდოდნენ. გვეკითხებოდნენ, ზოგად მდგომარეობას. 

მეორე დღეს ისევ ვურეკავ, ყველაფერს ვუხსნი, მეუბნება: "გადაცემულია თქვენი საქმე, მარიამ თევდორაძე, ხო?" - ვპასუხობ, რომ კი, ჩემი დედამთილი და ორი ბავშვი ველოდებით სასწრაფოს. ვუხსნი: არ შეიძლება გაწელვა, ყოველდღე შეიძლება, რაღაც მოხდეს, თუ მაინც და მაინც მოვკვდე და მერე აღარ დამჭირდებით-მეთქი. მპასუხობს: "არა, არა, მარიამ, აუცილებლად დაგიკავშირდებიან".  

მაღალი სიცხე, სუნთქვის გაძნელება მქონდა, ამიტომ ვრეკავდი, არ მინდა, რომ მოვკვდე. 

ჩემმა მეზობელმა ფეისბუქზე დაწერა და დარეკა ჯანდაცვის სამინისტროში, გოგო არის ცუდად და რაიმე დახმარება გაუწიეთო. 12 საათზე დაფიქსირდა ზარი მათთან და 3 საათისთვის მოვიდა 112. გადამიღეს რენტგენი და დადგინდა 6-ქულიანი ფილტვების ანთება. ფეისბუქზე რომ არ დაეწერა, ალბათ, არ მოვიდოდნენ. 

ადგილზე მოსულ სასწრაფოს ექიმს ვეუბნები, როე მაქვს მეთქი მომატებული, ცუდად ვარ, 4 დღის უკან გონება დავარგე, დავეცი, სუსტად ვარ-მეთქი და მპასუხობს: "ნუ, ეგ იცის მაგან [ვირუსმა]. ასე გექნება რამდენიმე დღე".

მითხრა, ბავშვები ქობულეთში უნდა გადავიდნენო, მეთქი რანაირად, მე აქ ვიყო და ბავშვები ქობულეთში? რომელი დედა დატოვებს შვილს? აქ თუ შეიძლება გადაუღოთ "ბავშვთაში" მეთქი და არ არის ადგილებიო. მე ვიცი, რაც მჭირს და მაწუხებს მათი მდგომარეობა. ერთ-ერთს მადა არ აქვს, ვერ ჭამს. ბავშვები ჩემთან არიან და ველოდებით, როდის გადაუღებენ რენტგენს".

ინტერვიუს პროცესში მარიამმა თქვა, რომ მისი ინფიცირებული დედამთილი სახლში მარტოა და რამდენიმე საათია, ცდილობს ვინმესთან დაკავშირებას, რათა ისიც გადეყვანათ სასტუმროში ან კლინიკაში. მომდევნო დღეს მან გვითხრა, რომ პაციენტი უკვე სასტუმროში გადაიყვანეს, მას  9-ქულიანი პნევმონია დაუდგინდა.

"რა გიყოთ, შენნაირი ბევრია"

ჟურნალისტი ზურა ვარდიაშვილი მის ახლობელზე გვიყვება, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და მომცრო ბინაში, ოჯახის სხვა ჯანმრთელ წევრებთან ერთად რამდენიმე დღე მოუწია ყოფნა. 

"ექიმმა უთხრა, რომ სახლში დარჩენილიყო. მან უთხრა, რომ ვერ დარჩებოდა სახლში, რადგან იქ ცხოვრობენ სხვა წევრებიც, მათ შორის, ქრონიკული დაავადებების მქონე პირი: ძმა, ბავშვები, ცოლი, იქ, სადაც იზოლირებისთვის ოთახიც კი არ ჰქონდა. პასუხი იყო: რა გიყოთ, შენნაირი ბევრია.

გამოდიოდა, რომ ინფიცირებულსა და დანარჩენ, ინფიცირების საფრთხის ქვეშ მყოფ ადამიანებს უნდა ჰქონოდათ კონტაქტი გარესამყაროსთან, ეს ეპიდემიოლოგიურმა სამსახურმა იცოდა და მათი პასუხი იყო: "სახლში იყავი".

ამაზე ფეისბუქზე სტატუსი რომ დავწერე, გაზიარებები მოყვა, რამდენიმე წუთში დამიკავრდნენ NCDC-დან. ეს ამბავი მოვუყევი და შეწუხდა, მითხრა რომ მართალი ვარ, რომ მისი ბრალი არაა არმიკითხვა, საგანგებო უნდა მივიდესო. შევეცდებით, რომ ეს პროცესი დავაჩქაროთო.

რამდენიმე წუთში დამირეკეს ჯანდაცვის სამინისტროდან. მკითხა მისამართი, სახელი და გვარი. დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში მიაკითხეს და გადაიყვანეს ე.წ. კოვიდსასტუმროში. ოჯახის წევრები არ გადაუყვანიათ. Მამას მისცა სიცხემ, გუშინ წავიდა, აიღო სინჯი და ელოდება ტესტის პასუხს.

ეს ამბავი რას ამბობს: ჩემს სტატუსს მოყვა გამოხმაურება, ჟურნალისტებმა გადააშეარეს, ამის გამო ადგნენ და თავი შეიწუხეს. ჯერ ერთი ამას ეუბნებოდნენ, შენნაირი იცი რამდენიაო, დარწმუნებული ვარ არიან, რომელთა ხმა არ ისმის. აღმოჩნდა, რომ ადგილია აქვთ, გადაიყვანეს. ვიღაცას ხომ არ გაიყვანდნენ და ამას შეიყვანდნენ სანაცვლოდ? არ ვიცი, ეს რა იყო, სისტემური ჩავარდნა იყო თუ კონკრეტული ექიმი იყო ცუდ ხასიათზე. Მე ვფიქრობ, რომ სისტემური ჩავარდნა იყო".

"ჩვენ გვჭირდება ექიმი"

41 წლის მანანა ბერიძე [სახელი შეცვლილია] ე.წ. კოვიდსასტუმროშია. გვთხოვს, რომ მისი ვინაობა დავფაროთ, რადგან ოჯახის წევრები სტრესისგან დაიცვას. ამბობს, რომ 6 დღის განმავლობაში ექიმი მხოლოდ სამჯერ დაუკავშირდა, ყოველ ჯერზე მოითხოვა გამოკვლევაზე გადაყვანა ან ფილტვებში მოსმენა, თუმცა უარი მიიღო. 

"არ ვწუწუნებ, კარგია, რომ მარტივად გავდივარ [დაავადებას], მაგრამ მინდა, რომ აქ [სასტუმროში] ვინც ვართ, მათი სახელითაც გაახმოვანოთ: ჩვენ გვჭირდება ექიმი, თერაპევტი, რომელსაც არ შეეშინდება ჩვენთან შემოსვლის, ჩაიცმევს საგანგებოდ, მოვა ჩვენთან და რავიცი, ადამიანურად მოგვისმენს, დაგველაპარაკება, გაგვსინჯავს, ფილტვებზე მოგვისმენს.

არაფერი აბსოლუტურად არ ჩამტარებია, მეექვსე დღეა აქ ვარ. არაფერი გჭირდებაო. მაქვს ყელის სიმშრალე, ცოტა ხველა, გულის აჩქარება.
მე მოვისმინე, ასევე რომელიღაც თავს იმართლებდა, დღეში ორჯერ ჩამოვლააო. ჩამოვლა არ არის, არ მინახავს თვალით არავინ.

პირველ დღეს დამირეკა ექიმმა მონაცემების ჩასაწერად, მკითხა თანმხლებ დაავადებებზე. მეორე დღეს გვიან საღამოს დამირეკა და წუხელ მოაკაკუნა კარზე, ვფიქრობ, იმ შემთხვევის შემდეგ, როცა ის ქალი [41 წლის პაციენტი კოვიდსასტუმროდან] გარდაიცვალა.

თავს უფლება მივეცი და ეკიპირებით რადგან იყო, ვთხოვე, იქნებ შემოხვიდეთ, ფილტვებზე მაინც მომისმინოთ თქო, იქნებ რამე არ გამოგვეპაროს-მეთქი, - "მე ვერა და თერაპევტმაც უარი განაცხადაო", მითხრა, ასევე, მკითხა, როგორ ხარო? და წავიდა. სულ ეს იყო ჩვენი დიალოგი. რაღაცნაირად სახელმა მომატყუა, როცა მითხრეს კოვიდსასტუმროში გადაგიყვანთო. რადგან კოვიდსასტუმროა, ვიფიქრე აღჭურვილობა ექნებოდათ.

ასე მარტივად თუ რჩება კოვიდი, ეს [ამირან] გამყრელიძე და [თენგიზ] ცერცვაძე კუბოებს რომ გვითვლიან, ჩვენზე არ ფიქრობენ, ვინც უკვე ინფიცირებულები ვართ. ჩვენ ამას ვისმენთ და ვნერვიულობთ, ოჯახის წევრებიც ნერვიულობენ, მაშინ გაჩუმდნენ, რას დაგვამხეს თავზე ქვეყანა?! ნუ გვაშინებენ მათ, ვინც ხვალინდელ დღეს ველოდებით.

აქაურ პაციენტებს ფანჯრებიდან გვაქვს კომუნიკაცია და ისინიც ჩემსავით ელოდებიან. გვაწვდიან საჭმელს და არაფერ სხვას. ვართ ერთ ოთახში და ველოდებით ხვალ რა იქნება, იქნებ გაგვიაროს, იქნებ სიცხემ არ აგვიწიოს და სხვას არაფერს".

"დარწმუნებული ვარ, რომ არავინ გამიკეთებს ტესტს"

26 წლის მარიტა გიგინეიშვილი კოვიდპაციენტია, რომელსაც იზოლაციის საშუალება არ აქვს და ხელმეორე ტესტს  ვერ იკეთებს. 

მარიტა საუბრობს არაორგანიზეულობაზე, უყურადღებობასა და ტყუილებზე, რომელიც ცხელი ხაზიდან ესმოდა: "მალევე, როგორც კი [112-ის ბრიგადა] გათავისუფლდება, მოვლენ". 

"დიდხანს ველოდე ოჯახის ექიმს, ბევრი საათი ველოდე. [...] გვიან დარეკა ქალმა, ვისაც არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ დადებითი ვიყავი. მეკითხებოდა სიმპტომებს. ვუთხარი, მეორეჯერაც ხომ არ გავიკეთებ-მეთქი ტესტს და მითხრა: "ააა, თქვენ დადებითი ხართო?" არ იცოდა, წარმოდგენა არ ჰქონდა.

"კარგი სხვა დაგირეკავთო, რადგან მე არ ვარ თქვენი, "დიდუბე-ჩუღურეთის ექიმიო". მასაც ველოდე დიდხანს, რომელიც ისევ არ აღმოჩნდა ჩემი "დიდუბე-ჩუღურეთის" ექიმი, მაგრამ ეს ორი დღე მე დაგირეკავო. კარგი-მეთქი ვუთხარი და არაფერი მიმართულება არ მოუცია. ჩემი აღქმით, ეს იყო ის, რომ ამ მომენტში რა სიმპტომიც მქონდა, იმისთვის უნდა მემკურნალა. სითხეები მიიღე ბევრიო. 

ვცხოვრობ მეგობართან და დასთან ერთად. დავრეკე 112-ში და მოვითხოვე, გადავეყვანე შესაბამის სასტუმროში. ვერ ვიცავდი იზოლაციის წესებს. არ მინდოდა, ჯანმრთელ ადამიანს გადასდებოდა ჩემგან ვირუსი. მითხრეს, კარგიო. გადასცა 112-ს და ზუსტად 3 დღე ველოდე, რომ ვინმე მოსულიყო. 

ვინმეს შეიძლება ეთქვა, რაღაც უნდა გავაკეთოთ, რადგან ვერ გადაგვყავხარ, არ გვაქვს ადგილიო. პირიქით, 3 დღის განმავლობაში მთანხმდებოდნენ, რომ ძალიან მალევე, როგორც კი გათავისუფლდება[112-ის ბრიგადა], მოვლენო. უარი არავის უთქვამს. ჩალაგებული მქონდა ბარგი და მერე როცა ძაან დავიღალე, ამოვალაგე. ვერ ვხვდები რა ვქნა, გავიდე გარეთ? კიდევ საშიში არ ვიყო, მართლა გაურკვევლობაში ვარ. ბაზა არ აქვთ. ვინც მირეკავდა, არავინ იცოდა, რომ დადებითი ვიყავი. 

მე და ჩემი მეგობარი ისევ ერთად ვცხოვრობთ, არ ვეკონტაქტებით ერთმანეთს, ისევ იციან მათ, რომ ვერ ვიცავ იზოლაციის წესებს. მეცხრე დღეა, რაც ეს ვირუსი მაქვს და უკვე როგორ ვარ იცით? ყნოსვა დამიბრუნდა და ვრძნობ რომ უკეთ ვარ. ჩემით გადამაქვს. მინდა, ტესტი გავიკეთო და დარწმუნებული ვარ, რომ არავინ მოვა და არავინ გამიკეთებს ამ ტესტს.

როცა ველაპარაკე ექიმს, ვთხოვე, ტესტი გაეკეთებინათ მეგობრისთვის, მაგრამ არა, მიუხედავად იმისა, რომ დადებით ადამიანთან ცხოვრობს, მაინც არ უკეთებენ".

19 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7 კი გარდაიცვალა. ჯამში დარეგისტრირებულია 18 663 კოვიდინფიცირებული, ხოლო აქტიური შემთხვევაა 10 325.


close დახურვა