logo
ENG



შსს: ინტენსიურად ვაგრძელებთ სამძებრო ღონისძიებებს, დამნაშავის დაკავების მიზნით

22 ოქტ 202004:53
3 წუთის საკითხავი
 
rlurbzetnaly13l.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ყველა მძევალი გათავისუფლებულია. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამ დრომდე მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო სამუშაოები თავდამსხმელის დასაკავებლად. 

გთავაზობთ განცხადებას სრულად: 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, სამეგრელოს რეგიონში ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია და მათ სიცოცხლესა, ასევე ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მოგეხსენებათ, ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა, რომლის დროსაც დამნაშავემ 43 მოქალაქე აიყვანა მძევლად.

პოლიციის ძალისხმევით, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, დღის განმავლობაში მათი უდიდესი ნაწილი ეტაპობრივად გათავისუფლდა, რომლებსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა.

მოგვიანებით, ავთანდილ გალდავამ და სამმა მძევალმა, თავდამსხმელთან ერთად დატოვა ბანკის შენობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის - ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა, ამჟამად მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

ამ დრომდე უცნობია, რა მიმართულებით მოახერხა თავდამსხმელმა გაქცევა. 


close დახურვა