დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის, განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების კიდევ უფრო ზრდაა მოსალოდნელი.
როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ზრდის ტენდენცია გლობალურია და ცალკე აღებული საქართველო მას ვერ შეაჩერებს.
"უნდა ველოდოთ, რომ კორონავირუსის შემთხვევების ზრდა იქნება, რადგან ეს ტენდენცია გლობალურია და მას მარტო საქართველო ვერ შევაჩერებთ. ჩვენ კიდევ კარგა ხანს უნდა ვიცხოვროთ კოვიდთან ერთად, სულ მცირე წელიწადი, წელიწად-ნახევარი. უნდა მივეჩვიოთ, რომ პირბადე გახდება ჩვენი თანაცხოვრების ისეთივე ატრიბუტი, როგორც ცხვირსახოცი გვიდევს ჯიბეში. პირბადე უნდა გვქონდეს სახეზე, რადგან ამაზე უკეთესი დამცველობითი მეთოდი ვერ გამოიგონა მედიცინამ", - ამბობს გამყრელიძე.
რაც შეეხება კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას, გამყრელიძის თქმით, ამ მიმართულებით პროგრესი ფიქსირდება, თუმცა არც ერთი საშუალება ჯერ დამტკიცებული არ არის.
"სერიოზული პროგრესია ვაქცინების კვლევებში, წამლებთან მიმართებაში, მაგრამ ჯერ არც ერთი დამტკიცებული არ არის და ეფექტურობა ცნობილი არ არის. ცნობილია პირბადის ეფექტურობა – თუ ყველას გვიკეთია პირბადე, გავრცელების მაჩვენებელი 50-დან 70 პროცენტამდე მცირდება, ხოლო ორ ადამიანს შორის ურთიერთობის დროს გადადების რისკი 90 პროცენტით მცირდება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.