logo
ENG



სოსო ჯაჭვლიანი გიორგი გახარიასთან და კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვს

22 ოქტ 202023:04
3 წუთის საკითხავი
 
7i2sgih4wo6424x.jpg

მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი თბილისის მერთან და საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვს. მისი განცხადებით, შეხვედრაზე ის, მისი ცოლის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე და მკლავჭიდის ფედერაციაში არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრებს. 

როგორც ჯაჭვლიანი "პოლიტიკის ფორმულაში" აცხადებს, ის თბილისის მერთან დაკავშირებას 1 თვის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა კომუნიკაცია ვერ შედგა.

"კახა კალაძეს 1 თვე ვურეკავდი, მაგრამ ვერ გამონახა დრო. მესმის დაკავებულია ქალაქის მერი. ვინ ვარ მე? 2012-იანელი ვარ მე, ჩვენ თავი გვაქვს გაწირული იმისთვის, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს. ამ დროს რა ხდება?! ჩემ ცოლს ვიღაც დახვდა, ნიღაბში იყო. 3 დღეა და არავინ არ მოსულა [პოლიცია]. მე რომ იურიდიულად არ ვიყო მართალი, ესენი რას მიზამდნენ იცით? ვირის აბანოში ამომაყოფინებდნენ თავს. არჩევნები სანამ არ დამთავრდებოდა ხმის ამომღები არ ვიყავი, მაგრამ შეეხნენ წმინდას - სამი შვილის დედას. სად არიან? რატომ არ გამოდიან? აქედან კახა კალაძეს და პრემიერმინისტრს მივმართავ - შემხვდით, მე გეტყვით და გაგარკვევთ საქმეში. ვთხოვ ბატონ პრემიერს და მე ავუხსნი ყველაფერს და ის რაც კითხვებია და ბოლომდე ვერ ვიძახი. თუ ასე არ იქნება, მივმართავ საელჩოებს. არსად წამსვლელი არ ვარ და ვთხოვ რომ დაიცვან ოჯახი, რადგან ისინი არიან დარტყმის ქვეშ", - განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.

ცნობისთვის, 20 ოქტომბერს სოსო ჯაჭვლიანის ცოლს ქუჩაში ნიღბიანი პირი დაემუქრა. ირმა ფირცხალაიშვილი ამ მუქარას მკლავჭიდის ფედერაციაში მიმდინარე დაპირისპირებას უკავშირებს. ფირცხალაიშვილი ამბობს, რომ პოლიციისთვის მიმართვას არ აპირებს, რადგან არ ენდობა. რაც შეეხება თავდამსხმელს, მისი იდენტიფიცირება ვერ მოახდინა. 

თავად სოსო ჯაჭვლიანი ფორმულასთან ამბობს, რომ კახა კალაძის ცოლის ძმა გიორგი არეშიძე ერთი ადამიანის პირით მას დაემუქრა და თანამდებობის დატოვება მოსთხოვა.

გიორგი არეშიძე კახა კალაძის ცოლის, ანუკი არეშიძის, ძმაა. თავად კალაძე ჯაჭვლიანის ბრალდებებს სისულელეს უწოდებს. 

არეშიძე ფორმულასთან აცხადებს, რომ აბსოლუტური ტყუილია, რასაც ჯაჭვლიანი მასზე ამბობს. 


close დახურვა