logo

ჯაჭვლიანის ოჯახი მუქარას მკლავჭიდის ფედერაციაში დაპირისპირებას უკავშირებს

20 ოქტ 202014:09
3 წუთის საკითხავი
clock 1472

მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტის, სოსო ჯაჭვლიანის, ცოლი აცხადებს, რომ ქუჩაში ნიღბიანი პირი დაემუქრა. 

"სოსოს მეუღლე ხართო? მეთქი-კი, რაშია საქმე და, არ გაჩერდება შენი მეუღლეო? დააყენოს ერთი ადგილიო, თორემ თქვენ და თქვენს ოჯახს პრობლემები შეგექმნებათო", - ამბობს ირმა ფირცხალაიშვილი ფორმულასთან

ის ამ მუქარას მკლავჭიდის ფედერაციაში მიმდინარე დაპირისპირებას უკავშირებს. ფირცხალაიშვილი ამბობს, რომ პოლიციისთვის მიმართვას არ აპირებს, რადგან არ ენდობა. რაც შეეხება თავდამსხელს, მისი იდენტიფიცირება ვერ მოახდინა. 

თავად სოსო ჯაჭვლიანი ფორმულასთან ამბობს, რომ კახა კალაძის ცოლის ძმა გიორგი არეშიძე ერთი ადამიანის პირით მას დაემუქრა და თანამდებობის დატოვება მოსთხოვა.

"ერთი ადამიანის პირით შემომითვალა გიორგი არეშიძემ მე, რომ საერთოდ თავი დაანებეო. შენ მართალი ხარ თუ მტყუანი, ტელევიზიები ჩვენი არისო და შავ პიარს აგიგორებთო. მერე გახსოვთ, რაც მოხდა, გამგეობის სხდომა ტარდებოდა, იქ შემოვარდნენ, იყო წივილ-კივილი, ვითომ ამ გამგეობის ჩაშლა უნდოდათ, ამ თემაზე მე საერთოდ არ ვილაპარაკებდი, მაგრამ მოთმინების ფიალა ივსება იქ, როცა ოჯახის წევრს, თან ქალს, მეუღლეს ვიღაც ქუჩაში დახვდება და დაემუქრება", - ამბობს ჯაჭვლიანი ფორმულასთან

ფორმულას ინფორმაციით, პირი, ვინც არეშიძის მუქარა ჯაჭვლიანს გადასცა, ლერი ხაბელოვია. 

გიორგი არეშიძე კახა კალაძის ცოლის, ანუკი არეშიძის, ძმაა. თავად კალაძე ჯაჭვლიანის ბრალდებებს სისულელეს უწოდებს. 

არეშიძე ფორმულასთან აცხადებს, რომ აბსოლუტური ტყუილია, რასაც ჯაჭვლიანი მასზე ამბობს. 

ჯაჭვლიანის ცოლზე სავარაუდო მუქარას წინ გამგეობის სხდომაზე რამდენიმე დღის წინ მომხდარი დაპირისპირება უძღოდა. მკლავჭიდელებმა ჯაჭვლიანს კვერცხები დაუშინეს და წყალი შეასხეს. ისინი ითხოვენ, რომ ჯაჭვლიანმა თანამდებობა დატოვოს. 



close დახურვა