logo
ENG



შსს: დავაკავეთ ორი პირი, რომლებიც სახლში შეიჭრნენ, ოჯახის წევრები დააბეს და გაქურდეს

25 ოქტ 202022:28
3 წუთის საკითხავი
 
შსს: დავაკავეთ ორი პირი, რომლებიც სახლში შეიჭრნენ, ოჯახის წევრები დააბეს და გაქურდეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლში ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ბედიანის ხეობის მიმდებარედ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეისში მცხოვრები ცოლ-ქმრის, ჩინეთისა და ავსტრალიის მოქალაქეების სახლში მოტყუებით, უკანონოდ შეაღწიეს.

დაკავებულებმა ცოლ-ქმარს და მათ ორ შვილს ხელ-ფეხი შეუკრეს, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოიპარეს სახლში არსებული 16 100 ლარი, ლეპტოპი, მობილური ტელეფონები და შემთხვევის ადგილიდან ოჯახის მანქანით მიიმალნენ.

"სამართალდამცველებმა გატაცებული ავტომობილი მომხდარიდან მალევე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მიტოვებული იპოვეს.
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ბრალდებულების მიერ ყაჩაღობის გზით დაუფლებული თანხის ნაწილი, ლეპტოპი და მობილური ტელეფონი", - აცხადებენ უწყებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.


close დახურვა