logo
ENG



კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია ისევ შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს, გამაოგნებელია

28 ოქტ 202012:44
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ არჩევნებს მმართველი გუნდი დამაჯერებლად მოიგებს, ამის გამო კი ოპოზიცია დესტრუქცული ქმედებებისთვის ემზადება.

მმართველი გუნდის ოფისში გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ ამის მაგალითად მოიყვანა კვლევა, რომელიც, მისი თქმით, აიპიემს დაუკვეთეს. მისივე მტკიცებით, კვლევის ანკეტაში  ჩაწერეს კითხვა - პროტესტის რა ფორმა იქნება თქვენთვის მისაღები იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგებმა არ დაგაკმაყოფილათ და ამ კითხვის პასუხებში მოქალაქეებს, სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირების და შიმშილობის კვალდაკვალ, ასარჩევად შესთავაზეს "გამაოგნებული" პასუხები - სახელმწიფო შენობების დაკავება და მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ფიზიკური ან შეიარაღებული ძალის გამოყენება.

მისი მტკიცებით, ეს ნიშნავს, რომ 2016, 2018 და სხვა წლების მსგავსად, "რადიკალური ოპოზიცია" შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს და იკვლევს, რა რეაქცია ექნებათ მოქალაქეებს, თუ ოპოზიცია სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული დაპირისპირების ფორმას მიმართავს, რაც "სრულიად გამაოგნებელი ფაქტია". 

მისივე განცხადებით, გარდა ამისა, აქვთ ინფორმაცია, რომ ნაციონალურ მოძრაობას ოფიციალური საარჩევნო შტაბის გარდა ე.წ. რევოლუციის შტაბი აქვს გახსნილი, რომელსაც ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობს.

"შტაბის ამოცანა არის მოქალაქეების პროვოცირება, ძალადობის წახალისება და პოლიტიკური პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარება. ამ თვალსაზრისით, ისინი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ რამდენიმე რაიონზე - ესენია მარნეული, ბოლნისი, დმანისი, ბათუმი, ზუგდიდი და გლდანი", - ამტკიცებს კობახიძე.

ის ამბობს, რომ საარჩევნო პროცესში არეულობის შეტანის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება.

"აქ არის სახელმწიფო, აქ არის ხელისუფლება და არავის, მით უმეტეს კრიმინალურ ოპოზიციას არ ექნება რაიმე დესტრუქციული ქმედების მკაცრი სასჯელის გარეშე განხორციელების შესაძლებლობა", - თქვა კობახიძემ.


close დახურვა